Accessibility links

"კოალიცია თანასწორობისთვის" მოუწოდებს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ენზელ მკოიანის მიმართ


დეპუტატი ენზელ მკოიანი

„კოალიცია თანასწორობისთვის“ დეპუტატ ენზელ მკოიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს და ამ მიზნით გენერალურ პროკურატურას მიმართავს. კოალიციის წევრი ორგანიზაციები პროკურატურას მოუწოდებენ, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება ჩაატაროს 26 მარტს „ქართული ოცნების“ წევრის, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძალადობრივი მონაწილეობის, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და მოქალაქის მიმართ გამოყენების მცდელობის სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე.

„მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულია 2020 წლის 26 მარტს, სამცხე-ჯავახეთში ენზელ მკოიანსა და ყოფილ დეპუტატ საველ პეტროსიანის ახლობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიზოდი. იმ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით დგინდებოდა, რომ პეტროსიანისა და მკოიანის ახლობლებს შორის დაპირისპირება ყოფით საკითხზე მოხდა, რის გამოც გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) დაიწყო და სამართალდამცავებმა პეტროსიანი და მკოიანის ძმისშვილი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში გავრცელებული ვიდეო მასალით იმთავითვე დგინდებოდა და ამ ეტაპზე გავრცელებული კადრები უკვე აშკარად ცხადყოფს, რომ ამ დაპირისპირების დროს მკოიანი იყენებდა იარაღს. თუმცა, დეპუტატის მხრიდან იარაღის გამოყენების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რაც მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების სამართლებრივ და პოლიტიკურ პრივილეგირებულობაზე მიუთითებს“, - აღნიშნულია „კოალიციის თანასწორობისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომელი ქმედით ზომებს არ იღებს დეპუტატის უკანონო და ძალადობრივი ქცევის აღსაკვეთად და მის მიმართ აშკარა ლოიალობას ინარჩუნებს.

ამავე განცხადების თანახმად, მკოიანის სახელს სამცხე-ჯავახეთში მომხდარი სხვა ძალადობრივი შემთხვევებიც უკავშირდება:

„კერძოდ, 2020 წლის 8 მაისს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ ხოსიპოში მცხოვრებ ორ მოქალაქეს ენზელ მკოიანთან დაახლოებულმა პირმა ა.ა.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. მომხდარის ირგვლივ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. ადგილობრივები საუბრობენ, რომ სავარაუდო დამნაშავეების დეპუტატთან ახლობლობის გამო, შესაძლოა დაზარალებულები თავს იკავებდნენ გამოძიებასთან თანამშრომლობისგან და არსებობს მომხდარის არაეფექტური გამოძიების რისკი. ადგილობრივების განმარტებით, ჯგუფური დაპირისპირებები პერიოდულად ხდება, სადაც მკოიანის ახლობლები მონაწილეობენ, დაზარალებულ პირებს აშინებენ, რის გამოც პოლიციას არ მიმართავენ, დამნაშავე პირები არ ისჯებიან, რაც კიდევ უფრო ახალისებს მკოიანის გარემოცვის უკანონო ქმედებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მკოიანის ახლობლები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ინციდენტში აგრეთვე მონაწილეობდა 8 მაისის შემთხვევის სავარაუდო მონაწილე ა.ა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო და სასამართლოს განაჩენიც დადგა, ბრალდებულებს კი სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ენზელ მკოიანის სახელთან დაკავშირებულ ძალადობრივ შემთხვევებზე სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება შეიცავს პოლიტიკური ლოიალობისა და სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს, ქმნის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკებს და წინააღმდეგობაშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

კოალიცია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, გამოკვეთოს მონაწილე პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და არ დაუშვას ლოიალობა და პრივილეგიები მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ.

შეიარაღებული დაპირისპირება „ქართული ოცნების“ დეპუტატ ენზელ მკოიანსა და „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს, სამველ პეტროსიანს შორის ახალქალაქში 26 მარტს მოხდა. დაკავებულია 2 პირი, მათ შორის, სამველ პეტროსიანი. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG