Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მძევლების ამყვანმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გადმოაგდო ავტობუსიდან


პირმა, რომელმაც უკრაინაში, ლუცკში, ავტობუსის მგზავრები აიყვანა მძევლად, რამდენჯერმე ესროლა დრონს, რომელსაც უშიშროების სამსახური იყენებს, შემდეგ კი ავტობუსტიდან გადმოაგო ნივთი, რომელიც აფეთქდა.

ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღებულმა პირმა 21 ივლისს ხელთ იგდო ავტობუსი და მძევლად აიყვანა, პოლიციის თანახმად, ოცამდე, ხოლო უშიშროების სამსახურის თქმით, 10 ადამიანი უკრაინის ქალაქ ლუცკში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ვოლინის ოლქში.

Интерфакс-Украина-ს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ ჰარაშენკომ განუცხადა, რომ უშიშროების სამსახური მოიხმარს უპილოტო აპარატს, რომელსაც ესროლა ავტობუსში მყოფმა შეიარაღებულმა პირმა. ჰარაშენკოს თქმით, მან ავტობუსიდან გადმოაგდო დაუდგენელი ნივთი, რომელიც აფეთქდა. მინისტრის მოადგილის თქმით, არავინ დაშავებულა.

შეიარაღებული პირი ხანგამოშვებით ჰაერში ისვრის ხოლმე. ავტობუსი დაცხრილული ფანჯრებით, უკვე რამდენიმე საათია, ქალაქის ცენტრში დგას. მძევლები და თავდამსხმელი შიგ იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრი, სადაც თავდამსხმელითა და მძევლებით სავსე ავტობუსია გაჩერებული, ალყაშემორტყმულია პოლიციით.

მგზავრებს შორის მსხვერპლის თაობაზე ცნობები არ არის. პოლიციამ მიმდებარე იმ შენობების მცხოვრებლებს, რომელთა ფანჯრები ავტობუსს გადაჰყურებს, მოუწოდა, დროებით დატოვონ თავიანთ სახლები, რადგან მძევლების ამყვანი შეიარაღებულია და მათ ფანჯრებს შეიძლება ესროლოს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ ჰარაშენკომ განაცხადა, რომ მძევლების ამყვანი ტელეფონით ელაპარაკა სამართალდამცავებს და თავი წარუდგინა, როგორც მაკსიმ პლოხოიმ. მან პოლიციას ამცნო, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა ქალაქის სხვა არეალში და მათი აფეთქება დისტანციურად შეუძლია.

ვოლინის ოლქის პოლიციის სამმართველოს უფროსის, იური კროშკოს სიტყვებით, რომელსაც Волинські новини ავრცელებს, ავტობუსში მყოფი შეიარაღებული პირის მოთხოვნები ცნობილია, თუმცა კონკრეტული მასში არაფერია: „უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული ვითარებით. პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს მოლაპარაკება. მოთხოვნები სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფო უწყებების შესახებ ფრაზების ნაკრებია. ხმაზე ეტყობა, რომ ნასვამი არ არის. ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში არ უბრძოლია, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გვაქვს“, - აცხადებს კროშკო.

„უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, რომ ლუცკში ავტობუსში მძევლების ამყვანს რამდენჯერმე აქვს სასჯელი მოხდილი. გამოცემას მოჰყავს ინფორმაცია Волинскі новини-დან, რომელიც საკუთარ წყაროს ეყრდნობა და წერს, რომ პირის ნამდვილი სახელი და გვარია მაკსიმ სტეპანის ძე კრივოში და ოფიციალურად რეგისტირებულია დუბნოში.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ სამართალდამცავები იყენებენ ყველა მეთოდს, რათა ინციდენტი მშვიდობიანად მოგვარდეს.

მძევლების კრიზისი უშუალოდ ჰყავს აყვანილი კონტროლზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG