Accessibility links

კელი დეგნანი: საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მსურველები ამის გაკეთებას შეეცდებიან


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოება კარგად არის გაწაფული რუსული დეზინფორმაციის ამოცნობაში, თუმცა დარწმუნებულია, რომ ვისაც სურს საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, ამის გაკეთებას შეეცდება.

კელი დეგნანმა ეს კომენტარი ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა, სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მას ჰკითხეს, მოსალოდნელია თუ არა რუსეთის მხრიდან პროვოკაციები საქართველოში საარჩევნო პერიოდში.

„უკანასკნელი რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში ვკითხულობ ახალ ამბებს და სულ უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მაგალითად, ბრიტანეთში - "ბრექსიტთან" დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში, ასევე შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით. ვაკვირდებით, რომ რუსეთმა ამ მიმართულებით მუშაობის გარკვეული სქემა ჩამოაყალიბა. საქართველო უდავოდ არის ამ აქტივობების სამიზნე. თუმცა, საქართველოს საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია რუსული დეზინფორმაციის ამოცნობაში. აშშ ამ მიმართულებით ხელს უწყობს ისეთი პროგრამების და ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ეხმარება მოსახლეობას ნამდვილი ამბის გამონაგონისგან გარჩევაში, კრიტიკულობის გაზრდაში ახალი ამბების კითხვისას და მათ უკეთ შეუძლიათ გაარჩიონ, რა არის ზუსტი ინფორმაცია და რა არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაბნეულობის გამოწვევისკენ მიმართული.

ზოგადად, გარემო საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია და დარწმუნებული ვარ, ისინი, ვისაც სურთ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ან არჩევნებთან დაკავშირებით დაბნეულობის გამოწვევა, ამის გაკეთებას შეეცდებიან“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG