Accessibility links

კელი დეგნანი: აშშ შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული ვითარებით


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული ვითარებით. მისი სიტყვებით, „საშიში კონფლიქტი“ დიალოგის და დიპლომატიური მექანიზმების გამოყენებით უნდა გადაწყდეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმით, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან ხდება, ეს ძალიან საშიში კონფლიქტია და უნდა მოხდეს არსებული მექანიზმების გამოყენება, დიალოგის და დიპლომატიური საშუალებების გზით. ამას კიდევ უფრო უნდა შევუწყოთ ხელი კონფლიქტის მეტად გამღრმავებამდე. უკვე არის მსხვერპლი, რაც ძალიან ტრაგიკულია. იმედი გვაქვს, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებებით მოგვარდება“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში საქართველოს სახალხო დამცველთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა კონტექსტს, რომელიც წარმოშვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის სტატიამ, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ აზერბაიჯანის სტრატეგიულმა პარტნიორმა, სერბეთმა, კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს დახმარებით, სომხეთს სამხედრო ტვირთი მიაწოდა.

Haqqin-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციად აფასებს. გამოცემას „საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას…“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG