Accessibility links

ეზუგბაია: პიკური პერიოდები ყოველთვის დაკავშირებული იყო დიდ კლასტერთან, ახლაც ასეა გარდაბნის სახით


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების 24-ით მატება მოსალოდნელი იყო, რადგან გაჩნდა გარდაბნის კლასტერი და მიმდინარეობს მოსახლეობის კვლევა:

„იმედია, ხვალ, ზეგ, მასზეგ ინფიცირებულების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება იმიტომ, რომ ხდება კვლევა, ინფიცირებულების იზოლაცია და კონტაქტების საკარანტინე სივრცეში გადაყვანა. ეს არის სწორედ ის საფუძველი, რომ ვთქვათ, რომ დინამიკაში მატება ამ კლასტერშიც არ გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, პიკური პერიოდები საქართველოში ყოველთვის რომელიმე დიდი კლასტერის გაჩენასთან იყო დაკავშირებული და ასეა ახლაც:

„ჩვენ ეხლა ეგრეთ წოდებული კლასტერი გვაქვს გარდაბნის რაიონის. საკმაოდ დიდი 4 სოფელია. მათში მცხოვრებთა რაოდენობა, როგორც ბატონმა ამირანმა (ამირან გამყრელიძე) მოგახსენათ, 7 000-ზე მეტი მოსახლეა. აქედან გამომდინარე, ეს მატება შემთხვევების ალბათ მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ გაჩნდა ახალი წყარო კოვიდ-19-თან მიმართებაში. ამ მუნიციპალიტეტის კვლევა გაგრძელდება და თუ დაწესებულ რეგულაციებს მოსახლეობა შეასრულებს, მე, თქვენ და ყველანი, არა მგონია, რომ გასცილდეს ამ ახალ კლასტერს“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა. ეს 31 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

არსებული სტატისტიკის თანახმად, 24 შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია და სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 5 დაავადებულებთან კონტაქტებია, 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტესტირებისას გამოვლინდა, 2-ის წყარო კი ჯერჯერობით არ არის ცნობილი და მისი დადგენის მიზნით კვლევა მიმდინარეობს.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 22 ივლისის დილის მონაცემებით 1073-ია. 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 907 შეადგინა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

ბოლო დღეებში გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. 22 ივლისის დილის მონაცემებით, ეს რიცხვი 30-ს აღემატება. რამდენიმე შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. 21 ივლისიდან ამ სოფლებში გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG