Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: თუ მოსახლეობის დამყოლობა არ იქნა, არ გამოვრიცხავ რადიკალურ ზომებს გაჩიანის დასახლებაში


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, საკოორდინაციო საბჭომ გაჩიანის დასახლების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ტესტირებაზე სათანადო დამყოლობას არ გამოავლენს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მოსახლეობა შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს და სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. კერძოდ, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ 21 ივლისს ტესტირებისთვის რეგიონში ჩასულმა 6-მა ბრიგადამ მხოლოდ 350 ნიმუშის აღება შეძლო მაშინ, როდესაც 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე 700-1000 ტესტია.

„არ გამოვრიცხავ რადიკალური ღონისძიების გატარებას, თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ, ფართომასშტაბიანი კვლევები ვაწარმოოთ ამ დასახლებაში. მაშინ ერთადერთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არის სოფლების, ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მანამდე ვთხოვთ კიდევ ერთხელ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი დამყოლობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, გაჩიანის დასახლების სამ სოფელში -ყარაჯალარში, ყარათაკლიასა და აღთაკლიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება 21 ივლისს დაიწყო. არსებული მონაცემებით, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში კოვიდინფიცირება 34 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 10-ს - გუშინ ჩატარებული ტესტირების შედეგად.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 22 ივლისის დილის მონაცემებით 1073-ია. 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 907 შეადგინა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG