Accessibility links

საქართველოში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, მოსკოველი გამომძიებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ივან კოჩეტკოვი


ევგენია შიშკინას მკვლელობის ადგილი

საქართველოში დაპატიმრებულია 23 წლის ივან კოჩეტკოვი, რომელსაც გამოძიება მიიჩნევს 2018 წლის ოქტომბერში მომხდარი, გამომძიებელ ევგენია შიშკინას, მკვლელობის თანამონაწილედ.

კოჩეტკოვის დაპატიმრება რადიოსადგურ „ბი-ბი-სის“ რუსულ სამსახურს დაუდასტურეს საქართველოს სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლებმა, ასევე შიშკინას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

წყაროები არ ასახელებენ დაპატიმრების ზუსტ თარიღსა და გარემოებას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საერთაშორისო ძებნაში მყოფი კოჩეტკოვი თბილისის ციხეში იმყოფება არაუგვიანეს 2020 წლის მაისიდან.

გამოძიების ვერსიით, კოჩეტკოვი რამდენჯერმე უთვალთვალებდა მოსკოვისპირეთის დაბა არხანგელოსკოეში მდებარე შიშკინას სახლს და ინფორმაციას აწვდიდა ჰაკერ იაროსლავ სუმბაევს, რომელსაც გამოძიება მკვლელობის შემკვეთად მიიჩნევს.

გამომძიებელი შიშკინა იძიებდა თაღლითობის საქმეს, სუმბაევის მონაწილეობით.

ასტრახანელი სუმბაევი, კოჩეტკოვის ცოლისძმა, ინტერპოლის თხოვნის საფუძველზე 2018 წლის ნოემბერში დააკავეს თბილისში.

რუსეთში იგი მიჩნეულია იმ ჰაკერთა ჯგუფის ორგანიზატორად, რომლებიც ტეხდნენ კომპანია „რუსეთის რკინიგზის“ ბილეთების გაყიდვით დაკავებული კომპანიების ელექტრონულ ფოსტებს.

სუმბაევი ასევე იძებნებოდა საბანკო ბარათებიდან ფულის მოპარვის საქმეზე. მან აღიარა ჰაკერული თავდასხმების დანაშაული, მაგრამ უარყოფს გამომძიებლის მკვლელობაში მონაწილეობას.

გამომძიებლებმა სანკტ-პეტერბურგში დააპატიმრეს მკვლელობის შემსრულებელი და შუამავალი - სტუდენტი აბდულაზიზ აბდულაზიზოვი და მისი მეგობარი, უფროსკლასელი კირილ გრუნსკი.

დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ეჭვმიტანილები იყვნენ 18 და 17 წლისანი.

რადიოსადგურ „ბი-ბი-სის“ თანახმად, სკოლის მოწაფემ მკვლელობის შეკვეთა მიიღო დარკნეტის საშუალებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG