Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ელჩებმა მხარი დაუჭირეს კიბერთავდასხმების გამო სანქციების დაწესებას რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ორგანიზაციების მიმართ


ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ბოლო წლებში მომხდარი სამი ერთმანეთისგან განსხვავებული კიბერთავდასხმის გამო სანქციების დაწესებას რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU), ასევე ჩინური ტექნოლოგიური კომპანიისა (Tianjin Huaying Haitai Science & technology development Co) და ჩრდილოეთკორეული Chosun Expo-ს წინააღმდეგ.

საქმეში გარკვეულმა წყაროებმა რადიო თავისუფლებას 22 ივლისს აცნობეს, რომ ელჩებმა მხარი დაუჭირეს ამ ორგანიზაციებისათვის აქტივების გაყინვას ბლოკის ტერიტორიაზე. აიკრძალება ვიზების გაცემა რუსეთისა და ჩინეთის ექვს მოქალაქეზე, რომლებიც, ევროკავშირის დიპლომატების აზრით, დგანან მავნე პროგრამებით - WannaCry, NotPetya და Cloud Hopper - განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან.

სანქციები, რომლებსაც ოფიციალურად ივლისის ბოლოს დაამტკიცებენ, ევროკავშირის ისტორიაში პირველი იქნება ბლოკის მიერ გასულ წელს კიბერსანქციების რეჟიმის შემოღების შემდეგ.

ეს რეჟიმი ბლოკს შესაძლებელობას აძლევს, გაყინოს ანგარიშები და შემოიღოს ვიზების აკრძალვა იმ პირებისა და ორგანიზაციების, ასევე მესამე პირებისა და საერთაშორისო ჯგუფების მიმართ, რომლებიც მხილებული იქნებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ კიბერთავდასხმებში.

ამ თავდასხმებმა, რომლების უკანაც დგანან სამი სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები, ზიანი მიაყენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს.

სხვა წყაროების ცნობით, ევროკავშირი მსჯელობს ასევე სანქცირებულთა სიაში რუსეთის ორი ფიზიკური პირისა და ერთი ორგანიზაციის შეყვანაზე. ისინი, ბერლინის თანახმად, მონაწილეობდნენ გერმანიის ბუნდესტაგზე 2015 წელს გახორციელებულ კიბერთავდასხმაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG