Accessibility links

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს ქუთაისში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. ბრალდებულის ადვოკატის, ესმა ნორაკიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

„ის არის მძიმე მდგომარეობაში და მას აქვს პრობლემები, რომელსაც არ ვიტყვი. ის არის ძალიან მძიმედ და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის თვალსაზრისით, არ შევეწინააღმდეგეთ ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის მოთხოვნას. წარდგენილ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით შემდგომში დავაყენებთ შუამდგომლობებსა და საგამოძიებო მოქმედებებს. ამ ეტაპზე ის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება“, - ამბობს ესმა ნორაკია.

მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე რაიმე მინიშნება არ ყოფილა, გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი არ გამორიცხავს, დაკავებულის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების გადახედვის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

გამოძიების ინფორმაციით, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში 45 წლის ქალმა თავის მეგობართან სტუმრად ყოფნის დროს, შელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ელისო ჩეჩელაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG