Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში დემონსტრანტებმა პრეზიდენტ პუტინის გადადგომა მოითხოვეს


საპროტესტო აქცია ხაბაროვსკში
საპროტესტო აქცია ხაბაროვსკში

ხაბაროვსკში, სადაც არ წყდება მღელვარება ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაპატიმრებისა და სამართალში მიცემისთვის, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა 22 ივლისს კვლავ მოიყარა თავი ქალაქის ცენტრში.

აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვდნენ ფურგალის გათავისუფლებას და აპროტესტებდნენ გუბერნატორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად მიხაილ დეგტიარიოვის დანიშვნას.

როგორც ჩვენი რადიოს პორტალი, „სიბირ.რეალიი“ იუწყება, ამჯერად ადგილობრივი მცხოვრებლები უფრო რადიკალურად იყვნენ განწყობილნი ფედერალური ხელისუფლების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „გადადგეს პუტინი!“ და „20 წელი - ჩვენი არჩევანი არ არის!“

იუწყებიან, რომ პოლიცია არ ერეოდა აქციის მსვლელობაში, რომელიც ორი საათის შემდეგ მშვიდობიანად დაიშალა.

ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, 50 წლის სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააკავეს.

იგი ახლა მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. ფურგალი ეჭვმიტანილია მკვლელობის მცდელობასა და 2004-2005 წლებში ორი მკვლელობის შეკვეთაში.

20 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მიხაილ დეგტიარიოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული (ЛДПР) პარტიიდან.

მის დანიშვნას ხაბაროვსკის მოსახლეობის ნაწილი პროტესტით შეხვდა. ისინი დეგტიარიოვის დანიშვნას მიიჩნევენ ოლქის მოსახლეობისადმი „უპატივცემულობად“.

პასუხად პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ხაბაროვსკში გამართული ბოლო საპროტესტო გამოსვლების უკან „ვიღაც დგას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG