Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა პროგრამისტი ქალის გარდაცვალების საქმე - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 ივლისს


რა გაირკვა და რა არა მას შემდეგ, რაც თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს 5 დღის წინ ნახეს. გუშინ კი ცხედარი თეთრი წყაროს ტყეში გაჩერებულ მისივე მანქანაში იპოვეს.

თამარის დედა ყვება, რომ მისი შვილი 18 ივლისს, შაბათ დილას სახლიდან იმ დროს გავიდა, როცა ოჯახის არც ერთი წევრი სახლში არ იყო - დედამ შვილთან დაკავშირება შუადღისას, 2 საათისთვის სცადა. ამ დროისთვის მისი ტელეფონი უკვე გამორთული იყო. სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს არც ახალგაზრდა ქალის მანქანა დახვდათ ადგილზე, დღის ბოლოს კი პოლიციას მიმართეს. გარდაცვლილის პოვნამდე ერთი საათით ადრე, თამარის დედა ფეისბუქზე შვილის პოვნაში დახმარებას მოქალაქეებს თხოვდა.

ოჯახი ფიქრობს, რომ სიკვდილის მიზეზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მის სამსახურთან, საიდანაც ხშირად გაღიზიანებული და აგრესიული ბრუნდებოდა ხოლმე. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და სურს, რომ საქმეში ჩაერთოს დამოუკიდებელი ექსპერტი - წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” უკრაინელი თანამშრომელი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმოშინა.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და მას ოჯახში დღეს დილას გადაასვენებენ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მანქანაში ნაპოვნი წამლები, ფურცლები ჩანაწერებით და სხვა ნივთები, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს გამოძიებისთვის. წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

იგეგმებოდა იმ კამერების გაყიდვა, რომლებზეც შესაძლოა, აღბეჭდილი იყოს შაქარაშვილის ინციდენტი

მცხეთის მაგისტრალზე, ერთ-ერთ შენობაზე დამონტაჟებული კამერები, რომლებმაც შესაძლოა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მნიშვნელოვანი კადრები აღბეჭდა, მისმა მფლობელმა ჩამოხსნა და გასაყიდად გაამზადა. ეს დეტალი საქმის მასალებიდან ირკვევა. ამავე მასალების მიხედვით პოტენციურად მნიშვნელოვანი კამერები გამოძიებამ ერთი თვის თავზე, 16 ივლისს მოიკითხა.

ორჯერ ნასამართლევი ნუგზარ ოთარაშვილი, რომელიც 2019 წლის ნოემბრიდან ცხოვრობს მცხეთის მაგისტრალზე, არაგვის ხიდების მიმდებარედ, რესტორან „ელდორადოს“ კუთვნილ შენობაში, 18 ივლისით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში ამბობს, რომ მას გაყიდული კამერებიდან მიღებული თანხით, ვალის გასტუმრება სურდა.

დიახ, მე ვიცოდი, რომ აღნიშნულ კამერებზე ჩაწერილი იყო 18-19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგრამ მაინც ვაპირებდი მის გაყიდვას, რადგან ჩემთვის უცნობი იყო, რომ არ შემეძლო ამ კამერების გაყიდვა“, - ამბობს ის ჩვენებაში.

წაიკითხე მეტი.

სიახლეები კორონავირუსის ინფიცირებული შემთხვევების შესახებ

დღეს დილით ინფექციურ საავადმყოფოში კლინიკის სამედიცინო დირექტორი მარი ეზუგბაია ბრიფინგზე კორონავირუსის ანალიზების შედეგებს გააცნობს საზოგადოებას. გუშინ ინფიცირებულთა რაოდენობამ ერთ დღეში 24-ს მიაღწია, რაც 31 მაისის შემდეგ ყველაზე სწრაფი მატებაა.

ახალი შემთხვევებიდან 7 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და იმპორტირებულ შემთხვევებში ითვლება, 5 დაავადებულებთან კონტაქტებია, 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტესტირებისას გამოვლინდა, 2-ის წყარო კი ჯერჯერობით არ არის ცნობილი და მისი დადგენის მიზნით კვლევა მიმდინარეობს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის გაზრდა მოსალოდნელი იყო მის სამეზობლოში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით.

წაიკითხე მეტი.

შიში და უიმედობა - რას თესავს ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში?

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში 2019 წლის მონიტორინგის შედეგებს მოიცავს და დასკვნაში აღნიშნულია, მაგალითად, 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლად არის გაზრდილი ანტიამერიკული და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილები საქართველოში.

ანგარიშის მიხედვით ანტიდასავლური გზავნილების მთავარ წყაროდ კვლავ 5 მედია საშუალება გამოიკვეთა, ესენია: ონლაინ გამოცემები „საქართველო და მსოფლიო“, „საქინფორმი“, ტვ „ობიექტივი“, გაზეთები „ასავალ-დასავალი“ და „ალია“.

2019 წელს მედია მონიტორინგის მიხედვით ანტიამერიკულ გზავნილებს რამდენიმე ახალი თემატიკა დაემატა:

  • მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ ანაკლიის პროექტი ეკონომიკური ხასიათის არ არის და მას ამერიკისთვის სამხედრო-მილიტარისტული დანიშნულება აქვს;
  • ასევე, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების მიზანშეუწონლობაზე (პრეზიდენტმა ამაში რუსეთის პროვოცირების შესაძლებლობა დაინახა), ნოყიერი ნიადაგი შექმნა პრორუსულად განწყობილი აქტორებისთვის.

წაიკითხე მეტი.

წამლის „გამსაღებელი ექიმები“ - დაფარული პრობლემა რომლის არსებობაც ყველამ იცის

თუ გახსოვთ ექიმის კაბინეტიდან გამოსულს, ხელში წამლის რეცეპტების სიით, რამდენჯერ გაგჩენიათ კითხვა, მართლაც გჭირდებათ თუ არა ყველა წამალი თქვენ?! შესაძლოა ეს კითხვა არ იყოს უადგილო თუკი ისევ იმ ექიმებს დავუჯერებთ, რომლებმაც ამ თემაზე ბოლო დროს საუბარი დაიწყეს.

„ექიმმა წამლის გამოწერაში პროცენტი არ უნდა აიღოს. ოდესმე უნდა დასრულდეს ეს სიმახინჯე, რაც იწვევს წამლებისა და სხვა “არა-წამლების” პანტა-პუნტით დანიშვნას“, - ეს ნაწყვეტია გასტროენტეროლოგის, ჯაბა ზარქუას საჯარო ფეისბუკ პოსტიდან, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ დაწერა.

რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ექიმი ეუბნება, რომ ეს პროცესი სქემის მიხედვით მუშაობს. ექიმთან მიდის რომელიმე ფარმაცევტული ფირმის წარმომადგენელი, რომელიც მისი კომპანიის წამლების დანიშვნას სთავაზობს და უტოვებს ბლანკიან ფურცელს, რომელზეც ეს წამლებია ჩამოწერილი. როცა ექიმი ამ წამლებს დანიშნავს, ბლანკზე უთითებს თავის სახელსა და გვარს. ეს ბლანკი ჯერ პაციენტის ხელში ხვდება, შემდეგ კი, აფთიაქში რჩება. ასე, მარტივად კონტროლდება დანიშნა თუ არა ექიმმა კონკრეტული კომპანიის წამალი.

ირღვევა თუ არა ეთიკურ-პროფესიული სტანდარტები და უფრო მეტიც, თქვენი უფლებები? - წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ფიფქი ხონში იპოვეს, უფრო სწორად თავად მიეკედლა ადამიანს. უკვე მაშინ ორი თათი არ ჰქონდა, ვერ გაიგეს რა დაემართა. თიკო კვალიაშვილმა სამკურნალოდ თბილისში ჩამოიყვანა. ძაღლს ოპერაცია გაუკეთეს. ამჯერად ის ლიზი გორდელაძეს ჰყავს შეფარებული, მაგრამ დიდხანს ვერ დაიტოვებს, რადგან ფიფქის გარდა კიდევ თავისი ძაღლი და სამი კატა ჰყავს. ფიფქი ახალი პატრონის მოლოდინშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG