Accessibility links

კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ახალი ვაქცინის გამოცდა ძირითად ეტაპზე გადადის


აშშ-ის მთავრობა მზად არის თითქმის 2 მილიარდი დოლარი გადაიხადოს COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო 100 მილიონ ვაქცინაში, თუკი ის უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდება.

საუბარია ვაქცინაზე, რომელსაც ამერიკული კომპანია Pfizer-ი და მისი პარტნიორი, გერმანული კომპანია BioNTech-ი ქმნიან. ისინი თანხას მიიღებენ მხოლოდ მაშინ, თუ ვაქცინის კლინიკური გამოცდა წარმატებული იქნება. აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებული გამოცდის შემთხვევაში, ამერიკელებისთვის ვაქცინაცია უფასო იქნება და ძირითადი ხარჯის დაფარვა სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, Pfizer-ში იმედი აქვთ, რომ ვაქცინის გამოცდის ძირითადი ეტაპი მომავალი კვირიდან დაიწყება. კომპანიის ინფორმაციით, ადრეულ ეტაპზე გამოცდამ აჩვენა, რომ ვაქცინით ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ვირუსთან საბრძოლველად საჭირო ანტისხეულებს.

ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერები მუშაობენ ახალი სახეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო 150-ზე მეტ ვაქცინაზე.

COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით მსოფლიოში უკვე დაინფიცირდა 15 მილიონზე მეტი ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელებულია 9 მილიონზე მეტი. გარდაცვლილთა რიცხვი 630 000-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG