Accessibility links

ცხინვალში აცხადებენ, რომ რუსეთმა გადასცა ძებნილი, რომელიც სააკაშვილის პირადი მცველი იყო


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთიდან ექსტრადირებულია 1981 წელს დაბადებული თემურ ძაპაროვი(ჯაფარიძე), რომელიც ბრალდებულია 2002 წელს, ცხინვალის ბაზრის მახლობლად ჯგუფურ შეიარაღებულ თავდასხმაში, ყაჩაღობაში, ორი, ან მეტი პირის მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებაში.

დე ფაქტო პროკურატურის ცნობითვე, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ცხინვალის მილიციის ერთი თანამშრომელი და ერთი დაიჭრა.

ე.წ. პროკურატურის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „რესი“ ავრცელებს, ნათქვამია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ძაპაროვმა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ დატოვა და „იმალებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ახლო კავშირი ჰქონდა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და ირიცხებოდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირად დაცვაში“.

დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ძაპაროვმა პირადი მონაცემები შეიცვალა, რუსეთში გაემგზავრა და მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში იმალებოდა თემურ ბატეევის სახელით. დე ფაქტო პროკურატურის ცნობითვე, მის მიერ ძებნილი ძაპაროვი რუსმა სამართალდამცავებმა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს.

დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სხვა წყაროებით ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG