Accessibility links

ზალკალიანი ფრონტერასთან გადაწყვეტილებაზე: დარწმუნებული ვარ ამას ექნება შესაბამისი შეფასება სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ „ფრონტერასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება პირველ რიგში ქვეყნის სტრატეგიული ამოცანების კარნახით მიიღო. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა:

„იმისთვის, რომ ჩვეულებრივი რუტინული კომერციული დავა არ გამხდარიყო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობისთვის დამაზიანებელი, რისი მცდელობის უამრავ ფაქტებთან გვქონდა ჩვენ შეხება, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ასევე კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მიმართულებით, მათ შორის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე იმ შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენების თვალსაზრისით, რომელსაც საქართველო სთავაზობს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, არის გამართლებული და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ექნება შესაბამისი შეფასება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა 23 ივლისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ოფიციალურ დონეზე "ფრონტერას" საკითხი არასდროს ყოფილა მხარეებს შორის განხილვის თემა.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მოშალოს კონტრაქტი "ფრონტერა"-სთან და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერა“-მ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით.

ასევე ნახეთ:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG