Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიაღწიეს მორიგ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ადმინისტრაციის თანახმად სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის 22 ივლისის შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ „ცეცხლის სრულ და ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე“, რომელიც დონბასის მთელ ტერიტორიაზე 27 ივლისიდან შევა ძალაში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ჰუმანიტარული ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ პატიმართა ურთიერთგაცვლის მორიგი პროცესისათვის რუსეთისა და სეპარატისტული დონბასის წარმომადგენლებს გადასცა პატიმრების სია და იგივეს ელის მეორე მხარისგანაც.

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰაიდი გრაუმ, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა ჰუმანიტარული ჯგუფის ფარგლებში გამოხატეს მზადყოფნა, რომ არაუგვიანეს 10 ნოემბრისა, ერთბაშად გაიხსნას ორი ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ლუგანსკის გამყოფ ხაზზე, ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების გასაიოლებლად.

შეიარაღებულმა კონფლიქტმა დონბასში, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლის ზაფხულიდან გრძელდება, 13 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

დასავლეთი და უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს სეპარატისტული ძალების ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერასა და დონბასის დესტაბილიზაციაში.

რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და შეიარაღებულ დაპირისპირებას აღმოსავლეთ უკრაინაში უწოდებს სამოქალაქო ომს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობას მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG