Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების პარტია შს-თა მინისტრის გადადგომას მოითხოვს


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პოლიციის პოლიტიზებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური გაკოტრების წინაშე მდგარი „ქართული ოცნება“ აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნე პრაქტიკას და ვიწროპარტიული, საარჩევნო ინტერესებისთვის იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

ნაცვლიშვილის თქმით, მინისტრი გომელაური თავს ვერ ართმევს დანაშაულის პრევენციისა და სწრაფი გამოძიების ფუნქციას და ნაცვლად ამისა, დაკავებულია წინასაარჩევნო კამპანიით, რაც დამანგრეველია სახელმწიფოსთვის და ნებისმიერი დემოკრატიული პროცესისთვის.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ საბურთალოზე, ვაკეში, დიდუბე-ჩუღურეთში, ბათუმში, გურიაში, გორში, სადაც ასევეა, კანდიდატი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალოვან უწყებებთან შეთანხმებით დაყენებული "ქართული ოცნებიდან", აქტიურად ხდება პოლიციური ძალების კონცენტრირება "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ირგვლივ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი", - განაცხადა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ შსს-ს წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ შემთხვევები, როდესაც პოლიცია იქნება ჩართული საარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მკაცრი რეაგირების საგანი გახდება და „ქართულ ოცნებას“ ძვირად დაუჯდება.

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის ივნისში დააფუძნეს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა, მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ და ჯაბა ჯიშკარიანმა. მათ მიერ მმართველი გუნდის დატოვება უკავშირდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG