Accessibility links

ომბუდსმენმა დაათვალიერა ადგილი, რომელიც სავარაუდოდ გიორგი შაქარაშვილმა გარდაცვალებამდე გაიარა


საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირადად დაათვალიერა ადგილი, რომელიც სავარაუდოდ სიკვდილამდე გაიარა 19 წლის ფეხბურთელმა, გიორგი შაქარაშვილმა.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში სწავლობს გიორგი შაქარაშვილის საქმეს და თვალყურს ადევნებს და მონიტორინგს უწევს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

განცხადების მიხედვით, ნინო ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამდე გავლილ ადგილზე მოვლენების სრულყოფილი სურათის შექმნის მიზნით მივიდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის მიზნით, საქმის მასალების გაცნობის თხოვნით სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას 13 ივლისს მიმართა. თავის მხრივ, პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოხატა.

ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG