Accessibility links

"ქართულ ოცნებაში" ყოფილი თანაგუნდელების მოთხოვნას პოლიტიკური თამაში უწოდეს


პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე

„ქართულ ოცნებაში“ აინტერესებთ, ვახტანგ გომელაური არჩევნებში ადრეც ერეოდა, თუ მხოლოდ ახლა დაიწყო. ამ შეკითხვით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ მიმართა ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც შს-თა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაადანაშაულეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვასა და პოლიციის პოლიტიზებაში და მისი გადადგომა მოითხოვეს.

სოფიო კილაძემ პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" მოთხოვნას პოლიტიკური თამაშები უწოდა.

„მინდა, ჩემს კოლეგებს საპასუხო კითხვით მივმართო, ვახტანგ გომელაურმა არჩევნებში ჩარევა ახლა დაიწყო, თუ ადრეც ერეოდა? თუ ადრე ერეოდა, მაშინ „ქართულ ოცნებაში“ რატომ შემოვიდნენ და რატომ გახდნენ გუნდის წევრები 2016 წელს, ან მანამდე?! თუ გომელაური არჩევნებში არ ერეოდა, მაშინ ნაკლებ სავარაუდოა, რომ არჩევნებში ჩარევა რვა წლის თავზე დაიწყო. ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ეწევიან. ახლა მათ სიტუაციას ასე აწყობს და ასე აკეთებენ“, - უთხრა ჟურნალისტებს კილაძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ხომ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია და მის უკან არაფერი არ არის სიმართლე“.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა დღეს მოითხოვა პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“, რომელიც 2020 წლის ივნისში დააფუძნეს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ და ჯაბა ჯიშკარიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG