Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ოფიციალურად წარადგინა


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თამარ ღვამიჩავას წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილე 14 კანდიდატიდან, კანონის მოთხოვნები 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა, მათგან კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა შეირჩა.

„კონკურსები მიმართ ხშირად არსებული უნდობლობის გამო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ხაზი გაესვას ამ პროცესის სრულიად გამჭვირვალედ ჩატარებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ თამარ ღვამიჩავა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში ასევე სასამართლო რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.

„ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნის და საზოგადოების წინაშე რასაც სრულიად აცნობიერებს. მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ შერჩეული კანდიდატი აკმაყოფილებს ამ თანამდებობისთვის მთავარ მოთხოვნებს, დამოუკიდებლობას, თავისუფალ აზროვნებას, პროფესიონალიზმს , ის არის და დარწმუნებული ვარ, სრულიად იქნება დამოუკიდებელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თამარ ღვამიჩავამ პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა რომ კონკურსი, რომელშიც ის მონაწილეობდა იყო საჯარო.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი, მისი ჩართულობა მართლმსაჯულების მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად ეფექტურად განხორციელების პროცესში არის ძალიან დიდი, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა თამარ ღვამიჩავამ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თამარ ღვამიჩავა დაიბადა 1981 წელს ქ. გორში. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიღებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

თამარ ღვამიჩავას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი და ტრენინგი, 2008 და 2009 წლებში მონაწილეობდა სახელმწიფო უწყებებში მომუშავე საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ ტრენერთა საკვალიფიკაციო სემინარში ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, 2010-2011 წლებში Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა PHD დოქტორანტურის საფეხურზე ბულგარეთში, რუსეს უნივერსიტეტში, 2011 წელს გაიარა სწავლების მეთოდიკის მასტერკლასი - ამერიკული სამართლის გაცნობა სტუდენტებისათვის, 2013-2015 წლებში გაიარა თანამედროვე სწავლების მეთოდების, კაზუსების ამოხსნის მეთოდების, ადმინისტრაციულ სამართალში კაზუსის განხილვის გერმანული მეთოდის კურსები.

2002 წლიდან დღემდე თამარ ღვამიჩავა მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავდაპირველად იყო იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი, 2003 წლიდან - ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრის ლაბორანტი, პარალელურად, 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში. 2005 წლიდან დღემდე არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.

2006 წლიდან დღემდე თამარ ღვამიჩავა აქტიურად მოღვაწეობს სამეცნიერო სფეროში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, მეცნიერთა რუსეს კავშირის ჟურნალსა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალში, არის ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორი, გამოცემული აქვს პროფესორ მაია კოპალეიშვილის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კრებული.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესი გაუმჭირვალედ წარიმართა. უცნობია, ვინ იყვნენ მისი კონკურენტები და რატომ შეაჩერა პრეზიდენტმა ყურადღება თამარ ღვამიჩავაზე, რომელიც ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით სამოქალაქო საზოგადოებაში მაღალი ცნობადობით არ გამოირჩევა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არასამოსამართლე წევრის პოზიციაზე კონკურსი 25 ივნისს გამოცხადდა. ამ დღეს პრეზიდენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ანა დოლიძის განცხადება მიიღო.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო 22 ივნისს ვადის ამოწურვამდე დატოვა. საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავდა და მთელ თავის რესურსებს მოძრაობას „ხალხისთვის“ დაახარჯავდა.

სამოქალაქო სექტორმა 15 ივნისს ანა დოლიძეს მოუწოდა, დაეტოვებინა თანამდებობა, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებდა. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებული იყო ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაციაში „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად პრეზიდენტის კვოტით 2018 წლის იანვარში დაინიშნა. კონსტიტუცია პრეზიდენტს საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას ანიჭებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG