Accessibility links

ბაჩალიაშვილის საქმე: გამოძიება, ექსპერტიზა და ვერსიები - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 ივლისს


დამოუკიდებელი ექპერტების წინასწარი დასკვნით, ბაჩალიაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღეა

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაზიანების ან ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინა, თუმცა იგივე ექსპერტიზა აღნიშნავს იმასაც, რომ ცხედარზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო, რადგან გვამური მოვლენები იყო შორს წასული. ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, 23 წლის გოგოს ცხედარი აღმოჩენამდე 3-5 დღის გარდაცვლილი იყო.

რისგან გარდაიცვალა თამარ ბაჩალიაშვილი, ამას ტოქსიკოლოგიური კვლევა დაადგენს. ნიმუშები უკვე აღებულია.

გუშინ შსს-მ ბაჩალეიშვილის საქმეზე პირველი განცხადება გააკეთა.

„ტოიოტასა“ და „მერსედესის“ მგზავრების გარდა, ახალგაზრდებს ხიდზე კიდევ ორი პირი გაუსწორდა

19 ივნისის ღამეს არაგვის ხიდზე მიმავალ ახალგაზრდებს, გარდა „მერსედესის“ მგზავრებისა, ორი არასრულწლოვანი ლ.შ. და გ.მ.-ც გაუსწორდნენ. ამის შესახებ ერთი თვის თავზე ახალი ჩვენებებიდან ხდება ცნობილი. ჩვენება კი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს კონსტანტინე ღიბრაძეს ეკუთვნის.

არასრულწლოვანი ლ.შ. და გ.მ, რომლებიც 17 ბრალდებულს შორის არიან, აქამდეც ფიგურირებდნენ მოწმეთა ჩვენებებში, თუმცა, მათი ეპიზოდი არაგვის ხიდზე მხოლოდ ერთი დეტალით შემოიფარგლებოდა - როგორ სთხოვეს ლ.შ.-მ და გ.მ.-მ ტელეფონის ნომერი არაგვის ხიდზე მიმავალ საქმის კიდევ ერთ მოწმეს, გიორგი ქათამაძეს.

ეს საქმეში გამოკვეთილი მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან აქამდე არცერთ ჩვენებაში, საქმის მთავარ მოწმეებს არ უხსენებიათ, რომ ლ.შ. და გ.მ. მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი თავდასხმისას, ახალგაზრდების ცემაში მონაწილეობდნენ.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

დღეიდან ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება

დღეიდან ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულების სკრინინგი იწყება. „ლილო მოლის“ დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას თქმით, „ლილოს“ დახურვა არ იგეგმება და ბაზრობა მუშაობას განაგრძობს.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი გარდაბნის რაიონში ვირუსის ახალი შემთხვევების აღმოჩენა გახდა. იქ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი კი თბილისში სხვადასხვა ბაზრობაზეა დასაქმებული.

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მთავარია დროულად ჩაახშონ გარდაბნის მუნიციპალიტეტში „მცირე ეპიდაფეთქება და არ მისცენ ინფექციას გავრცელების საშუალება“.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1085-მდე გაიზარდა.

საქართველოს სასარგებლოდ „ჯაშუშობაში“ ბრალდებულები ცხინვალში გაასამართლეს. რა აღიარა დე ფაქტო კაგებემ 2008 წლის ომის დაწყების კონტექსტში?

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ ცოლ-ქმარ ლიპინებს განაჩენი გამოუტანა, ქმარს - 16 წლით პატიმრობა, ცოლს კი - 13. ისინი დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გასული წლის ივლისში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა და სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნო.

ცხინვალის ე.წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სერგეი ლიპინმა საქართველოს სპეცსამსახურებს მიაწოდა სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც 2008 წელს საქართველოს არმიამ გამოიყენა.

რას ამბობენ ცხინვალელი წყაროები და რა ვიცით ლიპინების შესახებ? - წაიკითხე გოგა აფციაურის სტატიაში.

თამთას და 5 წლის ალექსას ამბავი: ძნელი გზა კონფლიქტის ზონიდან კარანტინამდე

თამთა თათარაშვილი, თავის 5 წლის გოგონასთან, ალექსანდრასთან ერთად ახლა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში, კარანტინში იმყოფება და თვითიზოლაციაში გადასვლის განცხადებაზე პასუხს მოელის.

თამთა მეუღლესა და შვილთან ერთად 7 წელია სომხეთში ცხოვრობს. ისინი ხშირად ჩამოდიან საქართველოში, თუმცა ახლა დედა-შვილი იძულებული გახდა, წამოსულიყო. როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეირაღებული დაპირისპირება დაიწყო, ოჯახი ტავუშის რაიონის ქალაქ ბერდში, თამთას მეუღლის ბავშვობის სახლში ისვენებდა. მას მერე კი, რაც ყუმბარა სახლთან საკმაოდ ახლოს ჩამოვარდა, მიხვდნენ, რომ იქ უსაფრთხოდ ვეღარ იქნებოდნენ და ერევანში წავიდნენ.

ქალაქში ძალიან ცხელოდა, ბავშვით დარჩენა იქაც გაჭირდა და ამიტომ, თამთამ თბილისში წამოსვლა გადაწყვიტა. აქ კი საკარანტინო ზონაში ბავშვთან ერთად ცხოვრებისთვის რთული პირობები დახვდა.

რა გზა გაიარეს კონფლიქტის ზონიდან წამოსულმა თამთამ და მისმა მცირეწლოვანმა შვილმა, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტიდან - კარანტინამდე და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა დედა-შვილი? - წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ის პანდემიის გამო სკოლები დაიხურა, ავღანეთის ბადახშანის პროვინციაში სულ უფრო მეტი ბავშვი მუშაობს ყაყაჩოს ველებზე და ოპიუმს ყიდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG