Accessibility links

ირანმა აშშ დაადანაშაულა სამგზავრო თვითმფრინავისთვის საფრთხის შექმნაში


ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა სირიის საჰაერო სივრცეში საფრთხე შეუქმნეს ირანული ავიაკომპანიის Mahan Air-ის სამგზავრო თვითმფრინავს.

სახელმწიფო სააგენტო IRIB-ის ინფორმაციით, თვითმფრინავთან ორი ამერიკული ავიაგამანადგურებლის მიახლოების გამო, პილოტი იძულებული გახდა შეჯახების თავიდან ასაცილებლად სიმაღლე სწრაფად შეეცვალა. ამავე სააგენტოს ცნობით, დაშავდა რამდენიმე მგზავრი.

თვითმფრინავი თეირანი-ბეირუთის რეისს ასრულებდა. ლიბანის დედაქალაქის აეროპორტში სააგენტო Reuters-ს უთხრეს, რომ თვითმფრინავი უპრობლემოდ დაეშვა და რამდენიმე მგზავრს მსუბუქი ტრავმა ჰქონდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ინციდენტს გამოიძიებენ და შესაბამის იურიდიულ და პოლიტიკურ ზომებს მიიღებენ.

ირანის სამგზავრო თვითმფრინავთან ავიაგამანადგურებლების მიახლოებას ადასტურებენ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში. ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა, ბილ ურბანმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ სირიაში საერთაშორისო კოალიციის ბაზის მახლობლად ყოველდღიური ამოცანების შესრულებისას, ავიაგამანადგურებელი F-15 სტანდარტული ვიზუალური დათვალიერების მიზნით, უსაფრთხო მანძილზე მიუახლოვდა Mahan Air-ის სამგზავრო თვითმფრინავს. ურბანის თქმით, ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავისგან 1000 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდა.

პენტაგონის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ირანული თვითმფრინავის უშუალო სიახლოვეს იყო ორი F-15, მათგან ვიზუალური დათვალიერება ერთმა განახორციელა, მეორე კი დაახლოებით სამ კილომეტრში იმყოფებოდა.

აშშ და ისრაელი უკვე დიდი ხანია ირანულ ავიაკომპანია Mahan Air-ს ადანაშაულებენ სირიასა და სხვა ქვეყნებში იარაღის ჩატანაში. 2011 წელს აშშ-მა ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG