Accessibility links

მეჩეთად გამოცხადების შემდეგ აია-სოფიაში 86 წლის მერე პირველად შედგა პარასკევის ლოცვა


მაჰმადიანური პარასკევის ლოცვა გაიმართა პირველად 24 ივლისს აია-სოფიაში, სტამბოლის ისტორიულ ტაძარში, რომელიც მე-15 საუკუნეში კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მეჩეთად იქცა, შემდეგ მუზეუმის სტატუსი მიიღო, ხოლო ახლახან კვლავ მეჩეთად გადაკეთდა პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც საერთაშორისოდ დაიგმო.

ათასობით მლოცველთან ერთად პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მისი ისლამურ-კონსერვატორი მომხრეები მივიდნენ სალოცავად აია-სოფიაში, რომელიც მე-6 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე I-ის დროს აიგო როგორც უდიდესი ქრისტიანული ტაძარი.

ბიზანტიური, ქრისტიანული მოზაიკები ფარდებით იფარება, რადგან მუსლიმური ლოცვის დროს გამოსახულებები იკრძალება.

რეპორტიორები იტყობინებიან, რომ ლოცვის დროს არ იყო დაცული სოციალური დისტანცია ტაძარში, რომელიც სავსე იყო.

აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა თანამედროვე თურქეთის დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის განკარგულებით 1934 წელს. მსოფლიო და ბიზანტიური არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლს იუნესკო იცავს. მას წლიურად 3,7 მილიონი მნახველი ჰყავს. ერდოანმა განაცხადა, რომ ის ღია იქნება ტურისტების და ყველა აღმსარებლობის ადამიანებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG