Accessibility links

გიორგი გახარია: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს


გიორგი გახარია

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ძმობას არაფერი არ ემუქრება, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, რას იტყოდა აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, სომხეთში იარაღი საქართველოს გავლით შევიდა.

„ჯერ ეს ერთი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული, რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია. ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საგანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობასაც, უფრო მეტს გეტყვით, არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. ეს ერთი, მეორე, ნანახი გაქვთ ეს ფოტო? ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე და რა შეიარაღება?“ - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პრობლემა საქართველოს არ ექმნება იმიტომ, რომ იგი თავის მოვალეობებს საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს:

„საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ძმობას არაფერი არ ემუქრება და, ამასთან ერთად, საქართველოს, როგორც ყველა სახის სატრანზიტო პოლიტიკა პირველ რიგში არის განსაზღვრული ქვეყანაში და, პირველ რიგში, რეგიონში სტაბილურობის დაცვის მიზნით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის თანახმადაც, ინტერნეტგამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვის დასმაც არასწორი და რისკის შემცველია, ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის ურთიერთობების კონტექსტში.

ნაღმმტყორცნები თოვუზის დასაბომბად [სომხეთს] სერბეთმა საქართველოს დახმარებით გაუგზავნა - ამ სათაურით სარედაქციო წერილი აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო ვებსაიტმა „Haqqin” 19 ივლისს გამოაქვეყნა.

წერილის თანახმად, გამოცემისთვის ცნობილი გახდა „სენსაციური ფაქტები”, რომ სომხეთი წინასწარ ემზადებოდა თავდასხმისთვის აზერბაიჯანის საზღვარზე.

Haqqin, ასევე, წერდა, რომ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ამავე დღეებში სომხეთში უკვე რუსეთიდან, თუმცა ისევ საქართველოს გავლით, სახმელეთო გზით, ჩავიდნენ „კამაზის” ავტომობილები „გრადის” დანადგარებითა და ნაღმმტყორცნი საბრძოლო მასალებით.

Haqqin-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეზინფორმაცია უწოდა. უწყების მტკიცებით, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ქვეყნები მშვიდობიან როლს ასრულებენ რეგიონში.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია 12 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ბოლო ხანს ვითარება შედარებით სტაბილური გახდა.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG