Accessibility links

მხარის გუბერნატორი: სოფელ ყარაჯალარის ჩაკეტვა იძულებითი ნაბიჯი იყო


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის ჩაკეტვა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით იყო გამოწვეული. მისივე თქმით, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რადგან მოსახლეობა ტესტირებაზე სათანადო აქტიურობას არ იჩენდა. გუბერნატორი ამბობს, რომ ყოველდღიურად 700 ტესტის აღებას ვარაუდობდნენ, თუმცა რეალურად ეს რიცხვი 200-ს ვერ გასცდა:

„ჩვენ ამ დღეების მანძილზე ძალიან ბევრი მცდელობა გვქონდა იმისა, რომ გამოსულიყო უფრო აქტიურად მოსახლეობა და სრულად ჩაეტარებინათ ტესტი. აზრი ისაა, რომ მოკლე ვადაში უნდა მოვიცვათ სოფელი, რომ რეალური სურათი გვქონდეს და თუ ვინმე დაავადებულია, ის ხალხი დროულად იქნას დაცილებული დანარჩენი ჯანმრთელი ნაწილიდან“, - უთხრა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, ამ დროისათვის სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსი 26 ადამიანს აქვს დადასტურებული, მთლიანად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კი კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა.

მარტო ყარაჯალარში, გუბერნატორის თანახმად, დღეს მოსახლეობის ტესტირებაზე 5 ეპიდემიოლოგიური ჯგუფი მუშაობს. ტესტირება მიმდინარეობს ასევე სოფლებში: აღთაკლია, ყარათაკლია და გამარჯვება.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, 24 ივლისის დილიდან კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, სადაც, გაჩიანის დასახლების სხვა სოფლებთან ერთად, მოსახლეობის მასობრივი ტესტირება 21 ივლისს დაიწყო. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1104-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 912. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG