Accessibility links

დონალდ ტრამპი აუქმებს რესპუბლიკური პარტიის ყრილობას ფლორიდაში


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა აგვისტოში ფლორიდაში დანიშნული რესპუბლიკური პარტიის ყრილობა კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო.

23 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არის ხელსაყრელი დრო „დიდი, ხალხმრავალი ყრილობის“ ჩატარებისათვის, როდესაც ფლორიდაში და ქვეყნის სამხრეთსა და დასავლეთში მდებარე სხვა შტატებში იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა.

დონალდ ტრამპის თქმით, ყრილობასთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეული „ონლაინითა და სხვა ფორმით“ გაიმართება, ამასთან, რესპუბლიკური პარტიის ცალკეული დელეგატები, შესაძლოა, 24 აგვისტოს მაინც შეიკრიბნონ ჩრდილოეთ კაროლინაში ხანმოკლე შეხვედრის ჩასატარებლად.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, 23 ივლისს აშშ-ში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა სულ მცირე 1000 პაციენტი, რაც ორჯერ ნაკლებია აპრილის თვის ფატალურ სტატისტიკასთან შედარებით.

მსოფლიოში COVID-19-ით დაინფიცირებულად ითვლება 15,4 მილიონი ადამიანი, გარდაცვალების გლობალური მაჩვენებელი 631 000-მდე გაიზარდა.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა 4 მილიონს აჭარბებს. ამასთან, ქვეყანაში 1,2 მილიონზე მეტი პაციენტი განიკურნა.

რეგიონების მიხედვით, COVID-19 სწრაფად ვრცელდება ლათინურ ამერიკაში, სადაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 4 მილიონ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა.

23 ივლისის სტატისტიკით, ევროპაში პანდემიის პერიოდში COVID-19-ის 3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 206 633 პაციენტი.

მაგრამ ეპიდემიის პირველ თვეებთან შედარებით დაავადების გავრცელებამ და სიკვდილიანობამ იკლო, მიუხედავად საკარანტინო ზომების მოხსნისა და ყველა ობიექტის ამუშავებისა, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ქვეყნებს სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, სადაც კორონავირუსმა კვლავ მკაცრად მოიქნია კუდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG