Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია მოხარულია, რომ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეაფასებს


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოხარულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოს დემოკრატიული პროცესების შეფასება მოხდება, ასე გამოეხმაურა ის ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შეეხებოდა 9 ივლისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის 2021 წელს დახმარების სახით გათვალისწინებულია არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი. კანონის ტექსტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს და ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო მდივნის შეფასებებზე - დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და კორუფციის დასაძლევად.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. პირიქით, ეს ჩვენს ინტერესშია, იმიტომ, რომ ამ პროცესებში, არავის, ჩვენ თვითონ ეჭვი არ გვეპარება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან საუბარში.

მისი სიტყვებით, საქართველოში დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება.

„კითხვის ნიშნები რაც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, იმიტომ, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიაპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, მედიათავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს და ახლა მიხვდება, პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩვენო სისტემა როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ ვეღარ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესის, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტში საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონის დამტკიცება ერთ-ერთი ეტაპია აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის მიერ 2021 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის საბოლოოდ მიღებამდე, რაც 2020 წლის დასრულებამდე უნდა მოხდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG