Accessibility links

ბელარუს ბლოგერ სერგეი ციხანოვსკის კვლავ შეუფარდეს 15- დღიანი პატიმრობა


სერგეი ციხანოვსკი

ბელარუსის ქალაქ მოგილიოვის სასამართლომ 15 დღე-ღამით პატიმრობა შეუფარდა ცნობილი ბელარუს ბლოგერს, სერგეი ციხანოვსკის, რომელიც მკაცრად ილაშქრებს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ხელყოფისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის წინააღმდეგ.

ციხანოვსკი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევაში. საუბარია ჯერ კიდევ 27 მაისს მოწყობილ პიკეტზე, რომლის დროსაც ორგანიზებული იყო ხელმოწერების შეგროვება მისი მეუღლის, სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდასაჭერად, რომელიც 9 აგვისტოს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.

გამოძიების ვერსიით, ბლოგერი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას ხელისუფლების წინააღმდეგ და გაჰყვიროდა: „შეაჩერე ტარაკანა“ და „გაუმარჯოს ბელარუსს“.

სერგეი ციხანოვსკი ბრალს არ აღიარებს. მანამდე, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ბლოგერი 15 დღით უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში.

სულ საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში ბელარუსში დააკავეს 400 ადამიანი.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ არიონ ვითარება ქვეყნის შიგნით და „იერიში მიიტანონ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ“.

აშშ და ევროკავშირი მინსკს მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG