Accessibility links

არჩილ თალაკვაძე: ვახტანგ გომელაურის გადადგომა აბსოლუტურად დესტრუქციული მოთხოვნაა


არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვახტანგ გომელაური არის ძლიერი, პროფესიონალი მინისტრი და მისი თანამდებობიდან გადადგომა საფუძველს მოკლებულია. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ვახტანგ გომელაურის გადაყენების მოთხოვნა დესტრუქციულია:

„ვფიქრობ, როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ეფექტური საქმიანობა, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება უსაფრთხოება და როდესაც ახლოვდება არჩევნები, მისი გადადგომის მოთხოვნები ეს არის აბსოლუტურად დესტრუქციული მოთხოვნები. მე ვფიქრობ, ეს საკითხი აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, არც კი განიხილება. რაც განიხილება, ეს არის - მასთან ერთად ჩვენმა გუნდმა გააგრძელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმები, გავაგრძელოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიდევ უფრო ეფექტური კანონმდებლობის შექმნა და ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ კიდევ უფრო უსაფრთხო გარემო“, - უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს. დღესვე ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მან ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნას არასერიოზული უწოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს აქციებზე, რომლებიც გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეების გამოძიების საკითხზე გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ახალგაზრდების გარდაცვალების საქმეები სრულფასოვნად იქნება გამოძიებული.

ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენება, თავის მხრივ, მოითხოვა ასევე პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“. „ქართული ოცნების“ რიგებიდან გასული დეპუტატების პარტია შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პოლიციის პოლიტიზებაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG