Accessibility links

კლუბები, ბარები და ფესტივალები მოითხოვენ ადეკვატური რეგულაციების დადგენას


საერთო განცხადებას ავრცელებენ თბილისში მოქმედი კლუბები, ბარები და ფესტივალები. ისინი უკმაყოფილოები არიან იმით, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო მათი საქმიანობა შეჩერებულია.

განცხადების ავტორები მიუთითებენ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ და აღნიშნავენ, რომ ზოგადად რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააცნეს ის რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც მუშაობის განახლებას შეძლებდნენ. ამასთან დაჰპირდნენ, რომ შესაბამის დადგენილებას უახლოეს ხანში მიიღებდნენ.

შეხვედრის შემდეგ კლუბების, ბარებისა და ფესტივალების წარმომადგენლებმა ღონისძიებების ორგანიზება დაიწყეს. „დავიწყეთ ივენთების პრომოუშენი, გაყიდვები, გავწიეთ წინასწარი ხარჯი, რომელიც ძირითადად მიმართული იყო იმისკენ, რომ დაგვეცვა სახელმწიფოსგან მომართული რეგულაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით გამოცემულ დადგენილებაში კი, როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, არათუ ჯანდაცვის სამინისტროში განხილული რეგულაციები არ იყო შესული, არამედ „ეს ინდუსტრია საერთოდ ამოღებული იყო კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალიდან და მიენიჭა გასართობი ღონისძიების სტატუსი, რომელზეც ჯერჯერობით არანაირი რეგულაცია არ არსებობს. შესაბამისად, მსგავსი სახის საქმიანობა თავშივე ითვლება კანონდარღვევად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ეცადე გეზრუნა სტუმრის უსაფრთხოებაზე“.

ამ დადგენილებიდან გამომდინარე, 17-18 ივლისს ერთდროულად დაჯარიმდა თითქმის ყველა ღონისძიება, რომელიც გაიმართა თბილისის მასშტაბით. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ პარალელურად შეუფერხებლად იმართება ღონისძიებები, მათ შორის, „კიკვიძის ბაღსა“ და დენდროლოგიურ პარკში.

კლუბები, ბარები და ფესტივალები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ:

  • მოიხსნას დაკისრებული ჯარიმა;
  • ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდეს სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად თანამშრომლობის რეჟიმში;
  • ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დადგინდეს ადეკვატური რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, საშუალება გვექნება განვახორციელოთ ღონისძიებები;
  • სასწრაფოდ შეიცვალოს კლუბების და ფესტივალების განმარტება და გასართობი ბიზნესიდან გადავიდეს კულტურულ ღონისძიებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG