Accessibility links

ორი სოფლის დაპირისპირებული ახალგაზრდების შერიგება ვერ შედგა


საპროტესტო აქცია სოფელ მატანში

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულებულია. ამ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები, დუისელი თანატოლებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. ორი სოფლის ახალგაზრდებს შორის შერიგების პროცესი, უხუცესების მონაწილეობით დღესვე იგეგმებოდა, თუმცა არ გამოვიდა. მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ისინი ორ დღეში შეიკრიბებიან.

საქმე ეხება 23 ივლისის საღამოს დუისში მომხდარ ინციდენტს. თავად დაპირისპირებული ახალგაზრდები მედიასთან არ ურთიერთობენ. ამბის შესახებ ჰყვებიან მხოლოდ მათი ახლობლები. მატანში მცხოვრები ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი თანასოფლელი ახალგაზრდა დუისში ავტომობილით დაეჯახა შინაურ ფრინველს. დუისელმა ახალგაზრდებმა მას უსაყვედურეს, რომ ქუჩაში ხალხიც დადიოდა და ნელი სვლით ეარა. ადგილობრივების ინფორმაციითვე, ამ ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაშავდა.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში 2017 წელს სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაპირისპირების დროს ერთ-ერთი, ვისაც ფიზიკურად შეეხნენ, მისი ძმაა.

23-24 ივლისს, დუისსა და მატანში მომხდარ ინციდენტებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება პანკისის სათემო ორგანიზაცია: „ეს ორი სოფლის მცხოვრებთა შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. პანკისის სათემო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ერთი მუნიციპალიტეტის მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ქართველებსა და ქისტებს შორის დაპირისპირების ფაქტები ნასაზრდოებია ხალხებს შორის გაუცხოებით, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკით, ამგვარი ქმედებების მიმართ გულგრილობითა და სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობით“.

პანკისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-ში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. შესაბამისად, უცნობია, რამდენი ადამიანი დაზარალდა ან დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG