Accessibility links

თეირანი გმობს აშშ-ის მიერ ირანის სამგზავრო თვითმფრინავის გადატაცებას სირიის საჰაერო სივრცეში


ირანმა ვაშინგტონი მოქალაქეთათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა მას მერე, რაც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა გადაიტაცა „სტანდარტული ვიზუალური შემოწმებისთვის“ ირანის სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან ბეირუთში მიფრინავდა.

აშშ-ის ცენტრალურმა სამეთაურო პუნქტმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ოპერაციებს ზედამხედველობს, განაცხადა, რომ F-15-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა „ჩაატარა Mahan Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის სტანდარტული ვიზუალური შემოწმება უსაფრთხო მანძილიდან, დაახლოებით 1000 მეტრიდან“, როცა ის რუტინულ გაფრენას ახორციელებდა Al Tanf-ის ბაზის მახლობლად.

აშშ-ს მცირე სამხედრო ბაზა აქვს სირიის უდაბნოში, იორდანიისა და ერაყის საზღვრის მახლობლად.

„ვიზუალური შემოწმების მიზანი იყო, დავრწმუნებულიყავი Al Tanf-ის გარნიზონის პერსონალის უსაფრთხოებაში“, განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო პუნქტის წარმომადგენელმა, ბილ ურბანმა.

მანამდე ირანის მედია იტყობინებოდა, რომ სამგზავრო თვითმფრინავის მგზავრები დაშავდნენ, როცა მფრინავი შეეცადა მანევრისთვის მიემართა, რათა თავიდან აეცილებინა საბრძოლო თვითმფროინავთან შეტაკება. ირანის სააგენტო IRIB-მა გაავრცელა მოყვარულთა მიერ გადაღებული, დაუდასტურებელი ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ყვირიან მგზავრები, როცა თვითმფრინავი კარგავს სიმაღლეს. ამ ცნობით, ზოგიერთი მგზავრი დაშავდა.

„აშშ სდევნის სამოქალაქო თვითმფრინავს, რომელიც გეგმაზომიერ ფრენას ახორციელებს და საფრთხეს უქმნის მგზავრებს, ვითომ თავისი ოკუპაციური ძალების დასაცავად“ , განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰაად ჯავად ზარიფმა ტვიტერის გზით. „ეს დანაშაული უნდა შეწყდეს, სანამ კატასტროფა მომხდარა, დასძინა მან.

აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო პუნქტის წარმომადგენელის, ბილ ურბანის თქმით, „როცა F-15-ის მფრინავი დარწმუნდა, რომ ობიექტი Mahan Air-ის სამგზავრო თვითმფრინავი იყო, დაშორდა მას".

ბეირუთის აეროპორტის ხელმძღვანელმა, ფადი ალ-ჰასანმა ლიბანის ადგილობრივ მაუწყებელს, New Television-ს უთხრა, რომ ირანის თვითმფრინავი საღამოს ჩაფრინდა ბეირუთში. „ყველა მგზავრი კარგად არის, მხოლოდ ზოგიერთმა მიიღო მცირე ჭრილობა. უმეტესობა შოკში და შეშინებული იყო“, - უთხრა ჰასანმა ტელეარხს.

აშშ და ისრაელი უკვე დიდი ხანია ირანულ ავიაკომპანია Mahan Air-ს ადანაშაულებენ სირიასა და სხვა ქვეყნებში იარაღის ჩატანაში. 2011 წელს აშშ-მა ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG