Accessibility links

ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებული აბიტურიენტების 94 %-მა მიიღო მონაწილეობა


სოფიო გორგოძე

"პანდემიის პირობებში აბიტურიენტებისთვის ცოდნის გამოვლენის მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემო და მასშტაბური ღონისძიებების დროს ვირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილება - ეს ორი ძირითადი მიზანი გვქონდა წელს და ვფიქრობ, ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ორივე მიღწეულია", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ 25 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ქუთაისში, სადაც იგი საგამოცდო ცენტრებში გამოცდების ბოლო დღის მიმდინარეობას დააკვირდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, იყო პრობლემებიც. კერძოდ, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს ერთმა კოვიდინფიცირებულმა აბიტურიენტმა და იმ აბიტურიენტებმა, რომლებიც მასთან ერთად ერთ სექტორში იმყოფებოდნენ და კარანტინში იყვნენ გადაყვანილნი.

სოფიო გორგოძემ აღნიშნა ისიც, რომ უმაღლეს სასწავლებლებში წელს სპეციალური წესით ჩაირიცხებიან აბიტურიენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ვერ შეძლეს:

"მათთვის არსებობს ჩარიცხვის განსხვავებული წესი, შესაბამისად, ისინი ამ ალტერნატიული წესის საფუძველზე ჩაირიცხებიან. თუმცა თუ ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა და ჩააბარა გამოცდები, ჩვეულებრივ მონაწილეობს ამ პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატიული წესით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს მომზადებული ამის შესახებ", - განაცხადა სოფიო გორგოძემ

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 300 -ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო მათმა 94 %-მა, გამოცდებიდან მოიხსნა სამი აბიტურიენტი. მათგან ერთი მობილურის, ორი კი დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო. დასრულდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, რომელშიც განმცხადებელთა 78%-მა მიიღო მონაწილეობა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანახმად, ტესტების გასწორება დაწყებულია და შედეგების გამოქვეყნება აგვისტოში ეტაპობრივად დაიწყება

მისივე ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, მაგრამ საგამოცდო პროცესი გრძელდება. კერძოდ, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 31 ივლისს, მაგისტრანტობის მსურველთა გამოცდები კი 4 აგვისტოს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG