Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გრძელდება კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვის საგანგაშო ზრდა


აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვის საგანგაშო ზრდა გრძელდება. ამჟამად დადასტურებულია ინფიცირების 4,1 მილიონზე მეტი შემთხვევა, რაც ბევრად აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაჩვენებელს.

ამასობაში ევროპაში სულ უფრო მეტ ქვეყანაში შეინიშნება კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა. ბევრგან ხელახლა მიმართავენ ტესტებსა და საკარანტინო ზომებს მზარდი შიშის ფონზე, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეიძლება დაიკარგოს.

ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობა აშშ-ში ზედიზედ ოთხი დღეა, 1000-ს აჭარბებს. ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 145 ათასს გადააჭარბა.

ინფექცია განსაკუთრებით ვრცელდება ფლორიდაში, ტეხასში, კალიფორნიაში და სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის სხვა შტატებში.

თეთრ სახლში კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორი, დოქტორი დებორა ბირქსი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუკი სამხრეთის შტატები ვერ შეძლებენ ვირუსის გავრცელების შენელებას, ის შეიძლება კვლავ გადავიდეს ჩრდილოეთის შტატებში, რომლებმაც ადრე შეძლეს ინფექციის შენელება.

მზარდი პანდემია დამატებითი ზეწოლის ქვეშ აქცევს ეკონომიკას. მიმდინარე კვირაში აშშ-ის კონგრესმა და თეთრმა სახლმა ვერ შეძლეს კორონავირუსით მიყენებული ზარალისგან დაცვის თაობაზე საგანგებო კანონპროექტზე შეთანხმება.

ინფექციის ახალი კერების გაჩენა მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც შეინიშნება და იქ შექმნილ ვითარებაზე ამკრძალავი ზომების ხელახლა შემოღებით რეაგირებენ.

მთელ ევროპაში ქვეყნებმა ივნისის შუა რიცხვებში დაიწყეს საზღვრების გახსნა ტურიზმისთვის ხელის შესაწყობად მას შემდეგ, რაც მკაცრმა საკარანტინო ზომებმა შედეგი გამოიღო და ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იკლო.

ამჟამად გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და სხვა ქვეყნები ზომებს იღებენ, რათა ხელი შეუშალონ უცხოეთში მოგზაურობიდან დაბრუნებული ადამიანების მიერ კორონავირუსის გავრცელებას.

ამჟამად მსოფლიო მასშტაბით აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 15 მილიონ 700 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა. გარდაცვლილია 640 ათასზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG