Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ხელისუფლება შეისწავლის კორონავირუსის სავალდებულო ტესტირების შესაძლებლობას


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

გერმანიამ შესაძლოა ნებაყოფლობით ტესტირება შემოიღოს უცხოეთში არდადეგებიდან დაბრუნებულთათვის მას შემდეგ, რაც ქვეყანაში უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების სარეკორდო მაჩვენებლები დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა შაბათს.

მისი თქმით, ამავე დროს მთავრობა სწავლობს, რამდენად არის იურიდიულად შესაძლებელი, ხალხი აიძულონ, რომ ტესტი გაიკეთონ.

შპანმა, რომელიც კანცლერ ანგელა მერკელის პარტიის წევრია, გერმანული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ სასამართლო კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა ზომას ამოწმებს, რათა გარანტირებული იყოს მათი შესაბამისობა მოქალაქეების ძირითად უფლებებთან.

პარასკევს შპანი და გერმანიის 16 ფედერალური მხარის ჯანდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლება უცხოეთიდან დაბრუნებულ დამსვენებლებს უფასო ტესტირებას შესთავაზებს ნებაყოფლობით საწყისებზე.

გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ქვეყანაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. გატარებულ ზომათაგან ერთ-ერთია მრავალრიცხოვანი ტესტირების კამპანიები პანდემიის ადრეულ ეტაპზევე.

მაგრამ ჯანდაცვის მუშაკთა თანახმად, სარისკო ქვეყნებიდან გერმანელ დამსვენებელთა შინ დაბრუნებამ შესაძლოა ინფექციის ახალი კერები გააჩინოს.

უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში გერმანიაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG