Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირების პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იტყობინება


კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ. ოფიციალურ სააგენტო KCNA-ს მოჰყავს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, კიმ ჩენ ინის სიტყვები: „შეიძლება აღინიშნოს, რომ დაუნდობელი ვირუსი ჩვენს ქვეყანაში მოხვდა“.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების თანახმად, ინფექციაზე ეჭვი აქვთ პირის შესახებ, რომელიც სამი წლის წინ სამხრეთ კორეაში გაქცევის შემდეგ კვლავ დაბრუნდა სამშობლოში. საზღვრისპირა ქალაქ კესონში საკარანტინო რეჟიმია შემოღებული.

აქამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც მრავალი თვალსაზრისით არის მსოფლიოსგან იზოლირებული ქვეყანა და ზუსტი ინფორმაციის მოპოვება რთულია, არ იყო კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა. თუმცა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა ესაზღვრება ჩინეთს, საიდანაც დაიწყო ვირუსმა გავრცელება, და სამხრეთ კორეას, სადაც ეპიდემიამ ადრეულ ეტაპზევე იჩინა თავი. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვირუსმა ბევრად უფრო ადრე შეაღწია, მაგრამ ხელისუფლება ამის თაობაზე დუმდა.

დღეისთვის თურქმენეთი არის ერთადერთი არაკუნძულოვანი და არაჯუჯა სახელმწიფო, რომელსაც ჯერ არ განუცხადებია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესახებ. ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, თურქმენეთიც ჩაკეტილი და ავტორიტარული სახელმწიფოა. ამასთან, ქვეყანაში შემოღებულია საკარანტინო ზომები, რომლებიც მრავალმხრივ ჩამოჰგავს იმ ქვეყნებში შემოღებულ ზომებს, სადაც მწვავე ეპიდემია შეინიშნება.

ეპიდემიის დაწყებიდან მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 16 მილიონს გადააჭარბა. ის ყოველდღიურად 200 ათასზე მეტით იზრდება, ძირითადად აშშ-ის, ასევე ლათინური ამერიკისა და აზიის მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების ხარჯზე. უკანასკნელ ხანებში ინფექციის გავრცელების ტემპები იზრდება ევროპის რიგ ქვეყანაში, სადაც გაუქმდა საკარანტინო ზომების უდიდესი ნაწილი.

დღემდე მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 650 ათასამდე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG