Accessibility links

კასიოპეას სინდრომი


ავტორი: თეონა დალაქიშვილი

კასიოპეა ერთ-ერთი ულამაზესი თანავარსკვლავედია ცაზე. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კასიოპეამ საკუთარ სილამაზეზე საუბრით პოსეიდონი გაანაწყენა, მან კი მისი დასჯა გადაწყვიტა.

ქალები დღესაც ნაკლებად საუბრობენ საკუთარ თავზე დადებით კონტექსტში. დაბადებიდან დაგვდევს განცდა, რომ სწორედ ჩვენი გაჩენით უკვე შევცოდეთ. რადგან ჩვენ ევას შთამომავლები ვართ, ევამ კი სამყაროს მიწიერი ჯოჯოხეთი მოუტანა სამოთხის ნაცვლად. ამიტომ დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში, გვაჯერებენ, რომ სამყაროს ცოდვა ჩვენ უნდა ვზიდოთ, რომ ქალებს არ გვაქვს უფლება გაგვაჩნდეს საკუთარი აზრი და ხმა, და რომ გენდერული თანასწორობა სადღეგრძელოებში წარმოთქმული ლამაზი სიტყვებია.

რამდენიმე კვირის წინ ძალიან საინტერესო წიგნი გამოჩნდა ქართულ ენაზე: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის “ჩვენ ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ” ყველაზე მარტივი და ჰუმანური ენით აღწერს იმას, თუ რატომ უნდა ვიყოთ მართლაც ყველანი ფემინისტები, და რატომ უნდა ვისაუბროთ გენდერზე ყველგან და ყველა ასაკში, რადგან “პრობლემის გადაჭრა მისი აღიარების გარეშე შეუძლებელია”.

დღეს ყველა სფეროში ვაწყდებით იმ დამანგრეველი დამოკიდებულებების შედეგებს, რაც ევას ცოდვაზე საუბრიდან იწყება, და ძალადობის “მიზეზი რომ არ ქონოდა” არგუმენტით გამართლებით მთავრდება. ეს დამანგრეველი დამოკიდებულები კი გოგონების გაჩენამდე, სელექციური აბორტით მათ განადგურებას უწყობს ხელს, ხოლო თუ მათ გაჩენის ნებართვა მიიღეს, თუ კი მათი არსებობა ოჯახისთვის დამანგრეველი სირცხვილის საზღვრებს გაცდება, მთელი ცხოვრება მოუწევთ იმის მტკიცება, რომ ქალად ყოფნა დანაშაული არ არის.

ყოფნის მიღმა კი იწყება ახალი ბრძოლა: შუშის ჭერი და დაუძლეველი კიბეები ყველგან: მიუხედავად არსებული სტატისტიკისა, რომ უმაღლესი განათლების დიპლომის მატარებლებში ქალები ჭარბობენ, დაუსაქმებელი ქალების რაოდენობა ჭარბობს დაუსაქმებელ მამაკაცებს. დასაქმებული ქალებისთვის კი ცალკე გამბედაობაა საჭირო, რომ მათ ხმა ამოიღონ და მეორე მხარეს კი მოუსმინონ; სამწუხაროდ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი რეალობა, და მთელი მსოფლიო ებრძვის ნარატივს, სადაც პატრიარქატი ებრძვის და თრგუნავს ხმამაღლა საკუთარ თავზე მოსაუბრე ქალებს, აჩუმებებს და არ აძლევს შესაძლებლობას საკუთარი იდეები გაუზიარონ სხვებს. Ჩვენს სამყაროში კვლავაც უცნაურია, თუ კი ქალი ახალ წამოწყებაზე, ახალ პოზიციაზე ან უბრალოდ ახალი ცხოვრების დაწყებაზე დაძრავს კრინტს. “ქალური ბედნიერება” შემოსაზღვრული შვილების გაჩენის უნარით, არ გვაძლევს შანსს ბედნიერების ჩვენი ფორმულა ვიპოვოთ.

რას აკეთებდნენ ქალები პანდემიის დროს? ისინი ნამდვილად არ ისვენებდნენ, ქალების უხილავი შრომა მათი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია, ნაწილი, რომელზეც საუბარიც არ გვიღირს. მერე კი გვიკვირს, რატომ არ გვყავს უფრო მეტი ქალი მწერალი, მხატვარი და სტარტაპერი.

ქალებს არ აქვთ საშუალება იყონ აქ და ახლა: მთელი მსოფლიო გადარეულია ამჟამინდელი მომენტით ტკბობის იდეით, ჩვენ კი არ ვიცით როგორ გავიხლიჩოთ სახლის დალაგებას, ბედნიერად წარმოჩენასა და წარმატებული იმიჯის შექმნას შორის, ისე რომ ხანდახან მაინც, სადღაც გადარბენაზე ყავის დალევისას ვიგრძნოთ თავი კარგად. Და თუ კი ეს ყველაფერი მეტნაკლებად დავაბალანსეთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ბედნიერება გვინდა, პასუხი ყოველთვის ჯმუხი სახით, უმადურობის განცდით ნათქვამი “ნეტა შენ” ან “შენ რა გენაღვლებაა”.

და რა მოხდებოდა, რომ ამ სამყაროში ერთ დღესაც ყველას გვეფიქრა, რომ ევა არა ცოდვის, არამედ პროგრესის ნაყოფს უზიარებდა პატრიარქატს, და ჩვენ ქალებს არა გაჩენის ცოდვის, არამედ არსებობის დიდებული განცდა უნდა დაგვდევდეს თან დაბადებიდან? მაგრამ ეს განცდა ხომ დააკნინებს პატრიარქატის ეგოს და ქალის არსებობას “ნივთობიდან” და “გათხოვებიდან” სულ სხვა დონეზე აიყვანს, რაც ამ ეგოსთვის წარმოუდგენელი დარტყმა იქნება.

სამყაროს დღეს პატრიარქალური ეგო მართავს, და როდესაც ტელევიზორში ფემიციდის მორიგი მსხვერპლის შესახებ ვიგებთ ამბავს, სადღაც ჩვენს მეზობლად კვლავაც განიხილავენ, რომ “ალბათ მიზეზი ქონდა” მიზეზი კი ერთია: ჩვენ გვინდა ბედნიერება, ჩვენ გვინდა ჩვენი იდენტობისა და სილამაზის შესახებ მთელ სამყაროს გავაგებინოთ, რაც გვაქცევს თვითმყოფადად. როდესაც ქალებს აქვთ საკუთარი ხმა, ისინი აცნობიერებენ, რომ მათ არავინ ჭირდებათ, რაც პატრიარქალური სამყაროსთვის დამღუპველია. ეს რეალობა ქალებს გვაიძულებს დავიჯეროთ, რომ ბედნიერებისთვის საკუთარი თავის გარდა კიდევ რაღაც არის საჭირო. ასე რომ არ ვესაუბროთ ჩვენს შვილებს ეს “რაღაც” ფუნქციას დაკარგავს.

ფემიციდს რომ თავი გავანებოთ, დღეს არსებულ ყველა ტრაგიკულ მოვლენაში ქალის როლი იკვეთება, “ალბათ გოგოს გამო მოხდა” თითქოს 90-იანი წლების შავი ნარატივია, რომელიც ბერძნული მითოლოგიიდან დღემდე ყველა ტრაგედიის გამართლების შესაძლებლობას გვაძლევს და თითქოს გვეუბნება, რომ ყველაფერს შეიძლება ქონდეს ერთი შეხედვით ლოგიკური მიზეზი.

ისევ ადიჩის რომ დავუბრუნდე, მისი თქმის არ იყოს, რა მოხდებოდა, რომ შვილების აღზრდისას არა გენდერზე, არა მავნებლურ “კაცურ” “ჯიგრულ” ქცევებზე, არამედ შესაძლებლობებზე და ემპათიაზე ვესაუბროთ შვილებს? თანაბრად განვუმარტოთ, რომ ემპათია, თანაგანცდა ადამიანის ყველაზე ძლიერი თვისებაა? და რომ მის გარეშე არსებობა ისეთი მწვავე და სისხლიანი არ იქნებოდა? რომ პატრულში დარეკვა არ “ტეხავს”, თუ ამით ჩვენ ადამიანებს ვეხმარებით, თუ ამით ორივე მხარის გადარჩენა შეგვიძლია? რომ თანაგანცდის გარეშე, ჩვენი ცხოვრება უსუსური არსებობაა, კლიშეების ჯაჭვია?

დღეს როგორც არასდროს გვჯერა, რომ რაღაცის ჩაცმა, სადღაც ყოფნა, რაღაცის დალევა და რაღაც ტრენდებზე საუბარი გვქმნის პიროვნებებად, რაც უდიდეს ტყუილში ზრდის ახალ თაობებს.

თანაგანცდის უნარი კი გვაიძულებს ვიფიქროთ არა შავ-თეთრ, არამედ ბევრად უფრო ფართო დიაპაზონში. Სამყარო ბოროტად და კეთილად, ქალებად და კაცებად კი არა, მრავალფეროვან პიროვნებებად აღვიქვათ, რომელთაც აქვთ არჩევანი, ქონდეთ ბედნიერების საკუთარი ფორმულა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG