Accessibility links

გერმანია ეწინააღმდეგება "დიდ შვიდეულში" რუსეთის დაბრუნებას


ფოტო არქივიდან. გერმანიის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჰაიკო მაასი და სერგეი ლავროვი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ხედავს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის, დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება G7-ში(დიდი შვიდეული) რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობას.

ჰაიკო მაასმა გამოცემა Rheinische Post-ს განუცხადა, რომ გერმანია ეწინააღმდეგება რუსეთის დაბრუნებას და ფორმატის „დიდ რვიანამდე“ გაფართოებას. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს და სანამ ეს პრობლემა მოუგვარებელია, რუსეთის დაბრუნების შანსს ვერ ხედავს.

ჟურნალისტის შეკითხვას, ევროპამ ყირიმი ხომ არ ჩამოწერა, მაასმა უპასუხა: „ჩვენ ვერ შევძლებთ უბრალოდ, მხრები ავიჩეჩოთ და ცნობად მივიღოთ, რომ 21-ე საუკუნეში შეგიძლია ევროპის საზღვრები ასე უბრალოდ გადააკეთო“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, რუსეთთან ურთიერთობა რთულია ბევრი მიმართულებით, მაგრამ უკრაინის, სირიის და ლიბიის კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის, დემოკრატიული სახელმწიფოების კლუბი G7 აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, კანადის და იაპონიის ლიდერებს აერთიანებს. კლუბში 1998 წელს მიღებული რუსეთი 2014 წელს გარიცხეს ყირიმის ანექსიის გამო.

რამდენიმე თვის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 7 წამყვანი სახელმწიფოს გაერთიანების ფორმატი მოძველდა და მასში უნდა მიიღონ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, რუსეთი და ინდოეთი. დიდი ბრიტანეთის და კანადის მთავრობებმა მაშინვე განაცხადეს, რომ რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევას განაგრძობს და ეს არის მიზეზი, რომლის გამოც გაერთიანების მიღმა უნდა დარჩეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG