Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე კოვიდინფიცირების 2 ცხელ წერტილს ასახელებს


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების „ორი ცხელი წერტილია“. ერთი ეს არის გარდაბნის მუნიციპალიტეტი მთლიანად, და მეორე - ბაზრობები. ამჟამად, კონკრეტულად ლილოს ბაზრობა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ამ [გარდაბნის] მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ ყარაჯალარში, რომელიც მესამე დღეა ჩაკეტილია და მთლიანად გარდაბნის რაიონში 59 შემთხვევა გვაქვს, 6 თვითონ ქალაქ გარდაბანში, 4 ყარათაკლიაში, 3 ახთაკლიაში, 29 ყარაჯალარში, 6 ბირლიკში და 1 გამარჯვებაში, რაც მთლიანად ქვეყანაში გამოვლენილ შემთხვევათა 4 %-ია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, ამ რაიონში მიმდინარეობს მოსახლეობის კვლევა PCR ტექნოლოგიით. გამოკვლეულია 3394 ბიოლოგიური ნიმუში და 142 ადამიანი ამ მუნიციპალიტეტებიდან გადაყვანილია კარანტინებში.

ამასთან, გაფართოებული კვლევა მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, ვინაიდან, ამირან გამყრელიძის თქმით, ლილოს ბაზრობასთან გადაიკეთა როგორც გარდაბნის, ასევე სხვა კლასტერების შემთხვევები. 3 დღის განმავლობაში ლილოს ბაზრობაზე დასაქმებული 1415 ადამიანი გამოიკვლიეს.

„აქედან პირველ დღეს გვქონდა 4 დადებითი შემთხვევა, შემდეგ - 1. 6 ნიმუშზე მიმდინარეობს განმეორებითი ჩაღრმავებული კვლევა და დღეს დაახლოებით 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ასე რომ, ეს ორი წერტილი, ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი, გახლავთ მეტად უფრო ყურადღებამისაქცევი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, ბაზრობები არის ყველაზე მომატებული რისკის ზონები, ამდენად, ლილოს ბაზრობაზე მიმდინარეობს PCR კვლევა და ახლა დგება პროექტი, რომ ამ ტიპის კვლევა განხორციელდეს ყველა ბაზრობაზე, ვინაიდან ხალხის კონცენტაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ბაზრობები ინფექციის გავრცელების მომატებული რისკის ზონებია.

საქართველოში კოვიდინფიცირების სულ 1137 დადასტურებული შემთხვევაა. დილის 9 საათისთვის დადასტურდა 6 ახალი შემთხვევა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 6-დან 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 4 შემთხვევა არის იმპორტირებული და ძირითადად საკარანტინო სივრცეებიდან და 1 შემთხვევა უკავშირდება გაჩიანის კლასტერს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არის კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა. 20-26 ივლისის ფარგლებში, მთლიანად, გამოვლენილია 98 შემთხვევა, საიდანაც 13 იმპორტირებულია, 15 - ტრაილერის მძღოლია.

„რაც ეს პროექტი დაიწყო - ტრაილერის მძღოლების კვლევა, 92 კოვიდინფიცირებული იქნა იდენტიფიცირებული ტრაილერის მძღოლებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში 14 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG