Accessibility links

გაერო: 2020 წლის პირველ ნახევარში ავღანეთში 1200-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა


მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ავღანეთში დაიღუპა 1282 სამოქალაქო პირი და 2176 დაიჭრა. ამის შესახებ იუწყება ავღანეთში გაეროს მისიის (UNAMA) ანგარიში, რომელიც 27 ივლისს გამოქვეყნდა. გაეროს თანახმად, ეს მონაცემები შეიცავს 340 დაღუპულ და 727 დაჭრილ ბავშვს.

„მაშინ, როცა ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს აქვთ ისტორიული შესაძლებლობა, მაგიდას მიუსხდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, ტრაგიკული რეალობა ისაა, რომ ბრძოლა გრძელდება და ის ყოველდღიურად კვლავაც საშინელ ზარალს აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში, დებორა ლაიონსმა.

ანგარიშის მიხედვით, მსხვერპლის უდიდესი ნაწილის, 58%-ის მიზეზი იყო თალიბანი და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“. სამთავრობო ჯარები დაღუპულ და დაჭრილ სამოქალაქო პირთა 23%-ისთვის არის პასუხისმგებელი.

2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით წელს 13%-იანი კლება შეინიშნება.

ამჟამად ავღანეთში კვლავაც გაურკვეველია მშვიდობის ბედი, ვინაიდან ქაბულსა და თალიბებს შორის უთანხმოებაა ტყვეთა გათავისუფლების საკითხში, ძალადობა კი კვლავ ძლიერდება.

აშშ-მა თავისი სპეციალური წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი საგანგებო მისიით გაგზავნა ხუთ ქვეყანაში, რაც სამშვიდობო პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ხალილზადი ტურნეს მართავს დოჰაში, ისლამაბადში, ქაბულში, ოსლოსა და სოფიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG