Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს ოფიციალურად შეწყვიტა მუშაობა აშშ-ის საკონსულომ ჩინეთის ქალაქ ჩენდუში


ორშაბათს ოფიციალურად შეწყვიტა მუშაობა აშშ-ის საკონსულომ ჩინეთის ქალაქ ჩენდუში. შენობიდან ჩამოხსნეს აშშ-ის დროშა. დიპლომატებმა საკონსულო ჯერ კიდევ შაბათს დატოვეს, მაშინვე დაცალეს შენობა.

პერიმეტრზე ჩინეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები განლაგდნენ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები უკვე შევიდნენ შენობაში. შემოწმებაში მონაწილეობენ პირები ქიმიური დამცავი აღჭურვილობით.

ჩინეთის სახელმწიფო მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა საკონსულოსთან მიმდინარე მოვლენებს, სადაც ასობით ადამიანი შეიკრიბა ჩინეთის დროშებითა და ანტიამერიკული ლოზუნგებით.

ჩენდუში აშშ-ის საკონსულო 1985 წლიდან მოქმედებდა.

პეკინმა ჩენდუში აშშ-ის საელჩოს დახურვის განკარგულება პარასკევს გასცა პასუხად აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, დაიხუროს ჩინეთის საკონსულო ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში. ორივე მხარე აცხადებს, რომ საკონსულოების მუშაობა მუქარას უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ჰიუსტონში ჩინეთის საელჩო „მიუღებელ ძალისხმევას“ მიმართავდა ამერიკული კორპორაციული საიდუმლოებებისა და დაპატენტებული სამედიცინო და სამეცნიერო გამოკვლევების მოსაპარად. ჰიუსტონის საკონსულო ჩინეთის უკანასკნელმა დიპლომატებმა პარასკევს დატოვეს.

დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავების ფონზე ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG