Accessibility links

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის სრული შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა


აღმოსავლეთ უკრაინაში ძალაში შევიდა საზავო შეთანხმება უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის.

ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ შეთანხმება წუხელ, ადგილობრივი დროით 00:01-ზე შევიდა ძალაში.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის შესახებ და მხარი დაუჭირეს საზავო შეთანხმებას.

უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები სამმხრივ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ ცეცხლის სრული და ყოვლისმომცველი შეწყვეტის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ზელენსკის კანცელარიის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმსა და რუსეთში დაკავებული უკრაინის მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

როგორც კრემლმა განაცხადა, სატელეფონო საუბრისას პუტინმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, რეგიონული არჩევნები ჩაატაროს 2020 წელს, ეწინააღმდეგება მინსკის სამშვიდობო შეთანხმებებს, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებისკენაა მიმართული. კიევი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას აპირებს მთელ უკრაინაში, გარდა სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს მოსკოვმა ხელში ჩაიგდო ყირიმის ნახევარკუნძული და დაიწყო აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტებისთვის დახმარების აღმოჩენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG