Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს


საქართველოს პროკურატურა კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებული წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის, თემურ ღვინჯილიასთვის და სამდივნო განყოფილების უფროსისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალი უკვე წაუყენეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმე ეხება ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტს. პირების დაკავებაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობითვე, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG