Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეუფარდეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიას და ამავე საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროს მათე ღვინჯილიას მიმართ. მათ გამოძიება ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს ჩხრეკისას 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოუღეს ავტომობილიდან, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

დაცვის მხარე ითხოვდა ბრალდებულების გათავისუფლებას, თითოეულზე 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სრულად გაიზიარა ბრალდების პოზიცია, რაც დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას გულისხმობდა. პროკურორმა მირანდა წერეთელმა შუამდგომლობა ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის შესაძლო განმეორებით ჩადენით, მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხით დაასაბუთა. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს. აპარატის სამდივნო განყოფილების ყოფილი უფროსი მათე ღვინჯილია კი აცხადებს, რომ მას უაქციზო სიგარეტი აფხაზეთის მცხოვრებმა აჩუქა და გადაწყვეტილი ჰონდა მისი გასაჩუქრება მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, ის ირწმუნება, რომ თემურ ღვინჯილიასთვის უცნობია, რა ტვირთი იდო მანქანაში, რადგან ის გზად შეხვდა და საჭესთანაც მოგვიანებით დაჯდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის თანამშრომელი 26 ივლისს დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 26 ივლისს თემურ ღვინჯილიამ და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსმა, ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე, წალენჯიხის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაზიდეს 34071 ლარის ღირებულების, 8310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ავტომობილს თემურ ღვინჯილია მართავდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG