Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე ჩხარტიშვილზე: 2018-ში შტაბის უფროსი რომ ვიყავი, მაშინ ჩემი მეუღლის ნათესავი არ იყო?!


პოლიტიკური პლატფორმის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებას ახლად შექმნილი გაერთიანების შესაძლო დამფინანსებლის შესახებ.

„ეს სასაცილო ბრალდება გახდა, ყვითელი პრესის დონეზე დავიდა ეს საკითხი. 2018 წელს [„ძალა ერთობაშიას“] შტაბის უფროსი რომ ვიყავი, მაშინ, ჩემი მეუღლის ნათესავი არ იყო [ვანო ჩხარტიშვილი]?! ჩემი აზრით, რაც ხელს შეუშლის ოპოზიციის გამარჯვებას, ეს არის ოპოზიციურ ლიდერებზე თავდასხმა“, - თქვა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

სამადაშვილის განცხადებას „ფეისბუკზე“ ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი. „საოცარია და საკვირველი, უხერხულია (რბილად, რომ ვთქვა) არასოდეს უთქვამს ვინმეს ჩემთვის ამ ორი წლის მანძილზე გიორგი ვაშაძეზე პარტნიორი პარტიიდან (ნაც. მოძრაობიდან) როცა საპრეზიდენტო არჩევნებში, სიიდან - ბაზიდან დაწყებული ყველაფერი გიორგი ვაშაძეს (შიგნით რაც ხდებოდა, გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“) გიორგის მიჰყავდა და დიდი წარმატებაც დაიდო და მაშინაც იცოდნენ, რომ „ჩხარტიშვილი აფინანსებდა“ და მალავდნენ, მე მიმალავდით? თუ ეს „ძველ პოლიტიკურ გამოცდილებაში მოსულა”, ანუ როცა შენთან არის „მოსულა?" ახლა უცებ ჩხარტიშვილის „დაფინანსებულია?" უხერხულია ძალიან”, - წერს თაკო ჩარკვიანი.

დღეს, 27 ივლისს „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტიის „კანონი და სამართალი" დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა - „სტრატეგია აღმაშენებელი" შექმნეს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი ვაშაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მან ოფიციალურად დატოვა გაერთიანების რიგები.

გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ უარყოფითი შეფასება მოჰყვა. სალომე სამადაშვილმა ყოფილი პოლიტიკური პარტნიორის დაფინანსების შესაძლო წყაროზე გააკეთა აქცენტი. „ჩვენი მიზანი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაცვაა. რაც შეეხება ბატონ ვაშაძეს, მის პარტიას დამფინანსებელი ჰყავს. როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბატონი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ვანო ჩხარტიშვილია და, ალბათ, მათ საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ“, - თქვა სამადაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG