Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩებმა რუსეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ კონფრონტაციისგან


პოლიცია აპატიმრებს სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირების მონაწილეებს
პოლიცია აპატიმრებს სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირების მონაწილეებს

მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირება მოხდა, რუსეთში სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებმა მოუწოდეს თანამემამულეებს, რომ თავიდან აიცილონ კონფრონტაცია და „პროვოკაციები“.

12 ივლისს მომხდარი სასაზღვრო ინცინდენტის შედეგად, რომელშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, ორ მეზობელ კავკასიურ სახელმწიფოს შორის ვითარება კვლავინდებურად დაძაბული რჩება.

27 ივლისს სომხეთმა გაავრცელა ცნობა მისი ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ საზღვრის მახლობლად.

ელჩებმა ვარდან ტოგანიანმა და ფოლად ბულბულოღლიმ 27 ივლისს ცალ-ცალკე გაავრცელეს მიმართვები, რომელშიც მოუწოდებენ თანამემამულეებს, რომ თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან და დაიცვან რუსეთის ფედერაციის კანონები.

ამ მოწოდების ფონია 23-24 ივლისს მოსკოვსა და რუსეთის ზოგიერთ სხვა რეგიონებში მომხდარი ჩხუბი და ძალადობა, რომლის გამოც პოლიციამ 30 უცხო ეროვნების მოქალაქე დააკავა.

რუსეთის პოლიციაში დაკავებულთა ვინაობა არ დაუსახელებიათ, მაგრამ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ცნობით, მასობრივი დაპირისპირება ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მოხდა.

"მომხდარის გამო, საიმიგრაციო კანონის თანახმად, დაკავებულ პირთა უმრავლესობას ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა", - ნათქვამია ოფიციალურ ცნობაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია 12 ივლისს დაიწყო, რის შედეგადაც, ორივე მხრიდან დაიღუპა სულ მცირე 15 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია. რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG