Accessibility links

მაიკ პომპეომ გამოთქვა გაფრთხილება საქართველოს სასამართლო და საარჩევნო სისტემების პოლიტიზების შესახებ


„სახელმწიფო მდივანმა დაჟინებით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რათა განაგრძოს ძალისხმევა საქართველოს სასამართლო სისტემის განსამტკიცებლად, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და გამოთქვა გააფრთხილება საქართველოს სასამართლო და საარჩევნო სისტემების პოლიტიზების შესახებ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის თანშემწის, კეილ ბრაუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას შორის გამართულ სატელეფონო საუბარს შეეხება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ საუბარში ასევე გაუსვა ხაზი „თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების" ჩატარებისა და ცოტა ხნის წინ მიღებული საკონსტიტუციო რეფორმების „განუხრელად დაცვის“ მნიშვნელობას; "აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები დემოკრატიული არჩევნების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარატმენტის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატმა გაავრცელა მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საუბრისას „მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.

საქართველოს მთავრობის მეთაურს ასევე აღუნიშნავს, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვრენიტეტისადმი და დაეთანხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მადესტაბილიზებელი საქმიანობა და შეასრულს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG