Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ექვს კვირაში მსოფლიოში გაორმაგებულია კორონავირუსის შემთხვევები


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 6 კვირაში თითქმის გაორმაგდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები.

ორგანიზაციის შეფასებით, საერთო ვითარება რთული და არაერთგვაროვანია - ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსი აგრესიულად ვრცელდება, ზოგიერთში ახალი შემთხვევების რიცხვი მცირეა, ხოლო ზოგიერთ სახელმწიფოში, სადაც ეპიდემიას თითქოს გაუმკლავდნენ, ახალი აფეთქებებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსს კარგად უმკლავდებიან იმ ქვეყნებში, რომლებმაც კონტროლის ეფექტურ ზომებს მიმართეს.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსის თქმით, თითქმის 6 თვის წინ, 30 იანვარს, როცა საერთაშორისო მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ინფიცირებული იყო 100-მდე ადამიანი და არ იყო COVID-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა. დღეს ინფიცირებულთა რიცხვი 16 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილების - 600 000-ს.

ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების დირექტორის, მაიკ რაიანის თქმით, ბუნებრივია, არავის უნდა მკაცრ კარანტინში დაბრუნება, რადგან დიდია ეკონომიკური და სხვა უარყოფითი გავლენები, თუმცა, აუცილებელია ზუსტი, წერტილოვანი ზომების მიღება. რაიანის განცხადებით, ეს ზომები მკაფიო და თანმიმდევრული უნდა იყოს, რადგან თუ ინსტრუქციები ორ დღეში ერთხელ შეიცვლება, მოსახლეობისთვის რთული იქნება და უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს, არ დამალონ მათ ქვეყნებში არსებული რეალური ეპიდსიტუაცია.

რაც შეეხება საზღვრების დაკეტვის ეფექტურობას, მაიკ რაიანის თქმით, ამ ზომას შედეგი მოაქვს სხვა ზომების მიღებასთან ერთად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთ ზომებად განიხილავს კორონავირუსის გამოვლენას, იზოლირებას, ტესტირებას, ინფიცირებულთა მკურნალობას, მათთან კონტაქტში მყოფთა კონტროლს და ასევე, ადამიანების მიერ სოციალური დისტანციის დაცვას, დახურულ სივრცეებში ნიღბის გამოყენებას და ხელის ხშირად დაბანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG