Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: გაუგებარია რა კრიტერიუმით ხდება ცესკო-ში პრემიის და დანამატის თანხის განსაზღვრა


არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) გამოაქვეყნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებისთვის გაწეული ხარჯების მონიტორინგის შედეგები. ანგარიში 2016-2019 წლებს მოიცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ცესკო-ში გაცემული პრემიის, ჯილდოს და სახელფასო დანამატის ოდენობა ცვალებადია, რის გამოც გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხდება გასაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრა.

გარდა ამისა, საარჩევნო თვეებში გაორმაგებულ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, ხდება დანამატის გაცემაც, რისი მიზნობრიობაც გაურკვეველია, რადგან კანონით განსაზღვრული გაორმაგებული სარგო სწორედ არანორმირებული სამუშაო გრაფიკის გამო გაიცემა.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის თანახმად, 2016-2017 წლებში ცესკოს თანამდებობის პირებზე და წევრებზე როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში ხშირად გაიცემოდა თითქმის თანამდებობრივი სარგოს ტოლი, ან უფრო დიდი რაოდენობის პრემია ან დანამატი, მაშინ როცა საარჩევნო თვეებში ისინი ისედაც გაორმაგებულ თანამდებობრივ სარგოს იღებდნენ. 2019 წელს მსგავსი ფაქტი ფიქსირდება მხოლოდ ივნისის თვეში.

2018 და 2019 წლებში ჯილდოს და დანამატის გაცემის სიხშირე და მოცულობა შემცირებულია, რაც პოზიტიურ ტენდენციას წარმოადგენს. მაგალითად, ცესკოს თანამდებობის პირების მიერ მიღებული დანამატის წილი ჯამურ ანაზღაურებაში 2016 წლიდან 2019 წლამდე 32.3%-დან 12.1%-მდე შემცირდა, ხოლო პრემიის/ჯილდოს წილი - 16.2%-იდან 1.2%-მდე. თუმცა ეს ცვლილება მოხდა თანამდებობრივი სარგოს გაზრდის ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დანამატი და პრემია/ჯილდოზე გამოყოფილმა თანხებმა თანამდებობრივ სარგოში გადაინაცვლა.

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ თანამდებობრივი სარგოს მატების კრიტერიუმები, პერიოდულობა და პროცენტული მოცულობა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, გაუგებარია რაზე დაყრდნობით მოხდა სარგოს მატება 2018 წელს, როცა თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანამდებობრივი სარგოები 55%, 68% და 70%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის - 65%-ით.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს. მათ შორის, საარჩევნო პერიოდში მიღებული გაორმაგებული თანამდებობრივი სარგოს პარალელურად არ უნდა გაიცეს დანამატი, სასურველია განისაზღვროს დანამატის გაცემის პერიოდულობა და ცესკოს თითოეული წევრის თანამდებობრივი სარგო, დანამატი და ჯილდო უნდა იყოს საჯარო, როგორც ეს არის ცესკოს თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის შემთხვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG