Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დავაკავეთ 9 ნარკორეალიზატორი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს 9 პირი. უწყება განმარტავს, რომ მათგან დაკავებამდე, საკონტროლო წესით, რამდენჯერმე შეიძინეს ჰეროინი.

"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 94 შეკვრა "ჰეროინი", ასევე, ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", 16 000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო", - თქვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ს განმარტებით, მათ ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.

სპეცოპერაცია, რომლის დროსაც 9 პირი დააკავეს, 4 დღის წინ თბილისი-რუსთავის გზაზე ჩატარდა. მედიაში ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, ამ დრომდე უწყებაში კომენტარი არ კეთდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG