Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხრეკა, ადვოკატის მონაწილეობა, დარღვევები რურუას საქმეში - ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიზი


ადამიანის უფლებათა ცენტრი გიორგი რურუას საქმის სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლო მონიტორინგისას და დოკუმენტების შესწავლით გამოიკვეთა, რომ გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებისას, სავარაუდოდ, არამართლზომიერად შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები. კერძოდ:

“გიორგი რურუას პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა”

ადამიანის უფლებათა ცენტრის დოკუმენტის თანახმად, გიორგი რურუას მანქანა გაჩხრიკეს არა იმ ადგილას, სადაც ის გააჩერეს, არამედ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ეზოში - არა გადაყვანისთანავე, არამედ რამდენიმე საათის დაგვიანებით.

დოკუმენტის მიხედვით, ბრალდების მოწმეებმა განმარტეს, რომ ადგილზე ჩხრეკა ვერ მოხერხდა სავალი ნაწილის სივიწროვის, საცობისა და გამვლელ პირთა მომეტებული ინტერესის გამო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი განმარტავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩასატარებლად საჭიროა, რომ გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდეს არა მხოლოდ დაწყების მომენტში, არამედ მიმდინარეობის დროსაც.

“დაუსაბუთებელია, რატომ არ მოხდა ავტომანქანის ჩხრეკა დაუყოვნებლივ ან მისი გადაყვანიდან მალევე”, - წერია დოკუმენტში.

“დაკავებისას გიორგი რურუას არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა”

ადამიანს დაკავებისთანავე შეუძლია მოითხოვოს ადვოკატის დახმარება და ეს უნდა დაკმაყოფილდეს. გიორგი რურუას შემთხვევაში, როგორც ამას დაცვის მხარე ამტკიცებს, არამართლზომიერად შეეზღუდა ადვოკატზე ხელმისაწვდომობის უფლება.

“დაკავებულისთვის უფლება-მოვალეობები არ განუმარტავთ”

დაცვის მხარის მტკიცებით, გიორგი რურუა 6-7 საათის განმავლობაში ისე ჰყავდათ დაკავებული, რომ მისთვის არ განუმარტავთ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები. ეს ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე უარყვეს.

“დაცვის მხარემ კითხვა დაუსვა მოწმეს, თუ რა უფლებები განუმარტა ბრალდებულს, მაგრამ მოწმემ დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა”, - წერია ანგარიშში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ბრალდებულს დაკავების მომენტში დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, რომელ დანაშაულზე არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, სასამართლოზე მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ საპროცესო კოდექსის მოთხოვნები საგამოძიებო ორგანოებმა უგულვებელყვეს.

“პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისა და ცეცხლსასროლი იარაღის დალუქვისას დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები”

დოკუმენტის თანახმად, გამომძიებელმა უგულებელყო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, როცა შემოიფარგლა ცეცხლსასროლი იარაღის მხოლოდ ზოგადი აღწერით - „მეტალის მუქი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი”.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განმარტებით, გამომძიებლებს არ გადაუღიათ პირადი ჩხრეკის ოქმში აღწერილი მოქმედებები. ფოტო და ვიდეო გადაღების ვალდებულება არ არსებობს, თუმცა დოკუმენტის თანახმად, გაურკვეველია, რატომ არ ისარგებლეს ასეთი შესაძლებლობით და არ გადაიღეს პროცესი, რაც ბრალდებულისათვის ბრალის დამტკიცებაში დაეხმარებოდა მათ.

“გამომძიებელმა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე ჩაატარა”

2020 წლის 3 იანვარს გამომძიებელმა გადაწყვიტა გიორგი რურუას საკნიდან მისი პირადი ნივთების ამოღება, რისი უფლებაც სასამართლოსგან ჰქონდა. დოკუმენტის მიხედვით, სასამართლო სხდომაზე მოწმემ განაცხადა, რომ იგი ბრალდებულის ერთ ადვოკატს ვერ დაუკავშირდა, ხოლო მეორე ადვოკატმა უარი უთხრა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე.

მოგვიანებით, რურუას ადვოკატმა განმარტა, იმავე დღეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა და დაკავშირებოდა სხვა ადვოკატს, ან დაესწრებოდა, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ მონაწილეობს დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია, მოქმედებები ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით.

გიორგი რურუას პირადი ნივთები ადვოკატების მონაწილეობის გარეშე ამოიღეს.

“გიორგი რურუას მიმართ ბრალის დამძიმება კონსტიტუციურ საფუძვლებს მოკლებულია”

ადამიანის უფლებათა ცენტრის მტკიცებით, გაუმართლებელია, რომ გიორგი რურუასთვის ბრალის დამძიმების საფუძველი ის ფაქტი გახდა, რომ მან ნიმუშის აღებაში მონაწილეობა არ მიიღო, რისი უფლებაც მას აქვს.

2019 წლის 25 დეკემბერს ბრალდებულ გიორგი რურუას კიდევ ერთი ბრალი წარედგინა, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის გულისხმობს. საპატიმროში გიორგი რურუამ უარი თქვა, სასამართლო განჩინების საფუძველზე დნმ-ის ნიმუშისა და ხელის კვლების აღებაზე.

საქართველოს კონსტიტუციით, არავინაა ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, გიორგი რურუას უფლება ჰქონდა, ნიმუშის აღებაზე უარი ეთქვა, რადგან იგი, როგორც ბრალდებული, სარგებლობდა თვითინკრიმინაციის იძულებისგან დაცვის პრივილეგიით.

“ნიმუშის აღებაზე, როგორც საგამოძიებო მოქმედებაზე უარის თქმა, ან მისი ჩატარების პასიური ხელშეშლა, არ უნდა იწვევდეს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას”, - წერია დოკუმენტში.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. გიორგი რურუა ბრალს არ აღიარებს, მისი ადვოკატები კი საქმეში პოლიტიკურ მოტივზე და მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრობენ. გიორგი რურუას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს ოპოზიციაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG